„პარი სენ ჟერმენის’’ „მანჩესტერ სიტისთან’’ 4:2 გამარჯვების შემდეგ პარიზელთა პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფის კილიან მბაპესთან დაკავშირებული კითხვა არ ესიამოვნა.
შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს მბაპემ პსჟ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. გულშემატკივართა ნაწილი ვარსკვლავის წასვლას ჯერაც ვერ შეგუებია, მწვრთნელი ლუის ენრიკე კი ახალი გუნდის აწყობას ცდილობს.
ჩემპიონთა ლიგის პირველ ეტაპზე პსჟ-მ კარგად ვერ ითამაშა და ბოლოსწინა ტურისთვის რთულ მდგომარეობაში იყო ― შეჯიბრებიდან გამოთიშვის რისკის წინაშე იდგა. „ლურჯების’’ საბედნიეროდ, ოთხშაბათს ლუის ენრიკეს გუნდმა უშუალო კონკურენტ „მანჩესტერ სიტისთან’’ შეხვედრაში 0:2 ჩამორჩენა შემოატრიალა და კოლექტიური თამაშის წყალობით 4:2 გაიმარჯვა. ფეხბურთი, რომელიც ამ დღეს ესპანელი მწვრთნელის გუნდმა აჩვენა მბაპეს დროინდელისგან განსხვავდებოდა.
მაგრამ, განა პსჟ მბაპესთან ერთად მაინც უფრო ძლიერი გუნდი არ იქნებოდა? – ასეთი კითხვა დაუსვა „ლურჯების’’ პრეზიდენტ ალ-ხელაიფის ესპანური „ელ ჩირინგიტოს’’ ჟურნალისტმა, რამაც ყატარელი ბიზნესმენი გააღიზიანა.
„თქვენ პრობლემებს ეძებთ, მე კი ჩემს ფეხბურთელებზე ვლაპარაკობ. გთხოვთ, ჩემი ფეხბურთელების შესახებ მკითხეთ. ჩვენთამ ძალიან ბევრი ახალგაზრდა თამაშობს, მაგრამ მათი ასაკის მიუხედავად ვაჩვენეთ, რომ დიდებული გუნდი გვყავს. დღეს მთავარი ვარსკვლავი თავად გუნდია. გულწრფელად გპასუხობთ, ყველამ სრულყოფილად ითამაშა. მე ამ გუნდით ვამაყობ. ჩვენ რთულ მდგომარეობაში მყოფნი დიდ გუნდს, დიდ მწვრთნელს და ბრწყინვალე ფეხბურთელებს ვეთამაშეთ. ამ შეხვედრაში დავამტკიცეთ, რომ თავადაც დიდებული გუნდი გვყავს’’, უპასუხა პრეზიდენტმა.
ფრანგული პრესა წერს, რომ ალ-ხელაიფის კლუბიდან კონფლიქტით წასულ კილიან მბაპეს შესახებ ლაპარაკი აღარ უნდა.