თითქოს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშება ყველა ადრინდელ გათამაშებაზე მოსაწყენი უნდა ყოფილიყო: უამრავი თამაში; უცნაური ცხრილი, რომლის მონაწილე გუნდების დიდი ნაწილი ერთმანეთს არც კი ხვდება; სუსტი გუნდები, როგორებიც არიან „სლოვანი’’, „სპარტა’’ ან „შტურმი’’. მაგრამ, ფეხბურთი ფეხბურთია, ამის დასტური კი ბენფიკასა’’ და „ბარსელონას’’ გუშინდელი თამაში გახლდათ: 1:0, 1:1, 3:1, 3:2, 4:2 და… 4:5.
ეს იყო ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი 4:5, სრული სიგიჟე, არაპროგნოზირებადი ამბავი და sofoot-ს აზრით მიზეზი იმისა, რომ გულშემატკივარს გაეხსენებინა დიდი ხნის მივიწყებული სიტყვა: აბსურდი.
როგორ ინანებდნენ ის გულშემატკივრები, რომლებიც წვიმას შეუშინდნენ შინ დარჩნენ და არ დასწრენ მატჩს. თუ პორტუგალიელები იყვნენ ისინი გაწბილდებოდნენ, მაგრამ შეეძლოთ თავისი თვალით ენახათ მატჩი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ფეხბურთში ყველაფერი ხდება. მერე რა, რომ წვიმდა. ეს შეხვედრა ნებისმიერ გაციებად ღირდა. აბსურდში კი, როგორც sofoot წერს, საღი აზრი არ არსებობს. იმიტომაც არის აბსურდი.
და როგორც ჩანს, აბსურდი ბატონობდა „ბარსელონაშიც’’, რადგან ჰანსი ფლიკმა სასტარტო შემადგენლობაში სიგარეტის მწეველი ვოიცეხ შჩესნი დაანაყენა და არა ინიაკი პენია. შჩესნი კი ამ დღეს გახლდათ მაგალითი იმისა, რომ სიბერე და დაღვინება ყოველთვის კარგს არ ნიშნავს. 34 წლის პოლონელი ნაცვლად იმისა, რომ სადმე დუბაიში მშვიდად ხვდებოდეს კარიერის დასასრულს, ყოველ დღე ვარჯიშობს და… თანაგუნდელებს საქმეს უფჭებს. Sofoot წერს, რომ 1:1-ზე, შჩესნი ეტყობა სწორედ სიგარეტის საყიდლად მიდიოდა, როდესაც გზაში ალეხანდრო ბალდეს შეხვდა, შეეჯახა და ბერძენ ვანგელის პავლიდისს გოლის გატანის შესაძლებლობა მისცა. შჩესნის ბრალი იყო მესამე გოლიც – მისი შეცდომის გამო დაინიშნა პენალტი, რომელიც კვლავ პირველი და მეორე გოლების ავტორმა პავლიდისმა შეაგდო.
შემდეგ კი „ბენფიკას’’ უკრაინელმა მეკარემ ანატოლი ტრუბინმა გამოუცხადა პოლონელ კოლეგას სოლიდარობა და… ბურთი ისე მოიგერია, რომ მეტოქეს თავში გაარტყა და კარში შეუვარდა.
მერე არაუხომ თავის კარში გაიტანა, მაგრამ… მაინც „ბარსამ’’ გაიმარჯვა. იყო დიდი აურზაური. მომენტები აქეთ და იქით. ერთ შეხვედრაში სამიპენალტი, შეცდომები და… მოედანს გარეთ მყოფი ლისაბონელი ბრაზილიელის არტურ კაბრალის წითელი ბარათი, როდესაც სტუმრებმა მეხუთე გოლი შეაგდეს.