ჯაბა კანკავა 20 წლის შემდეგ ისევ თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელია და ისევე როგორც ოცი წლის წინ, ამჯერადაც 23-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ტრანსფერი „დინამომ“ცოტა ხნის წინ დაადასტურა, ახლა კი 38 წლის ფეხბურთელი ოფიციალურად წარადგინა. დამოუკიდებლობის პერიოდის ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა მოთამაშემ კარიერის მშობლიურ კლუბში დასრულება გადაწყვიტა და „დინამოსთან“ კონტრაქტი ერთი წლით გააფორმა.
კანკავა „დინამოს“ ღირსებას 2003-2005 წლებში იცავდა, სწორედ მაშინ შეძლო დედაქალაქურმა კლუბმა უეფა-ს თასის ჯგუფურ ეტაპზე თამაში, რაც მას შემდეგ ვერც ერთმა ქართულმა კლუბმა ჯერჯერობით ვერ მოახერხა.
„დინამოდან“ ჯაბა უცხოეთში გაემგზავრა და სხვადასხვა დროს კიევის „არსენალში“, „დნიპროში“, „კრივბასში“, „რეიმსში“, „ვალანსიენში“, „ტობოლსა“ და „სლოვანში“ ითამაშა.
საქართველოს ნაკრებში კანკავას 101 მატჩი აქვს ჩატარებული (10 გოლი), მათგან 62 შეხვედრაში გუნდი კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა მინდორზე.