ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი შეიძლება „პარი სენ ჟერმენში’’ გადაიკვეთონ. ქართველი „პარკ დე პრენსზე’’ იანვარში გადავა, ნიგერიელი კი დიდი შანსია მას ზაფხულში შეუერთდეს. ეს ვარაუდი იტალიურმა „ლა რეპუბლიკამ’’ დღეს გამოთქვა.
გაზეთში წერია: „კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი შესაძლოა უახლოეს თვეებში პარიზში შეხვდნენ ერთმანეთს. ლაჟვარდოვან სანაპიროზე პსჟ-სა და „ნაპოლის’’ წარმომადგენელთა შეხვედრისას საუბარი მიმდინარე სეზონის ბოლოს ოსიმენის საფრანგეთში გადასვლასაც შეეხო. ამიტომ, თითქმის დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ იტალიის ჩემპიონატის ოქროს წყვილი საფრანგეთში კვლავ შეერთდება. ქართველი თავდამსხმელი თავისი ნიგერიელი ამხანაგისთვის გზის გამკვალავის როლს თამაშობს.
შეიხებს გასული წლის ივნისში სწორედ ამ ორმაგი დარტყმის მიყენება უნდოდათ, როდესაც დე ლაურენტისს წყვილში 200 მილიონი ევრო შესთავაზეს. ახლა „ნაპოლის’’ პრეზიდენტი სავარაუდოდ მხოლოდ 150 მილიონს მიიღებს, თუმცა მას მერე რაც ის კლუბს სათავეში უდგას, ეს მაინც სარეკორდო შემოსავალი იქნება’’.