Napoli doesn't think about Kvaratskhelia and beats Verona 2-0: Conte first with Inter at -4 and Atalanta at -5ანტონიო კონტეს „ნაპოლიმ’’ ზედიზედ მეხუთე თამაში მოიგო, ამჯერად მე-17 ადგილზე მყოფ „ვერონასთან’’, რომელიც გასავარდნთა ზონას ერთი ქულით აღემატება. მოგეხსენებათ, გასული კვირა „აძურის’’ ცხოვრებაში იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ მთელი ყურადღება ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ ჟერმენში’’ შესაძლო გადასვლამ მიიზიდა. „ვერონასთან’’ შეხვედრაში კი ანგარიში მე-5 წუთზე ჯოვანი დი ლორენცომ გახსნა (თუმცა, ძელიდან ასხლეტილი ბურთი მეკარე ლორენცო მონტიპოს ზურგში მოხვდა და იტალიური წესებით ავტოგოლად ჩაითვალა), ხოლო 61-ზე ფრანკ ანდრე ზამბო ანგისამ შორეული გასრულით მეორე შეაგდო. შემდეგი შეხვედრა „ნაპოლის’’ ბერგამოში, ერთ-ერთ კონკურენტ „ატალანტასთან’’ აქვს. კონტეს გუნდი ლიდერია, „ინტერს’’ 4 ქულით უსწრებს, „ატალანტას’’ კი ხუთით, მაგრამ მილანელებზე ორი თამაშით მეტი აქვს ჩატარებული, ხოლო ბერგამოელებზე ერთით.

მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე კონტეს თამაშის გარდა კვარაცხელიას ტრანსფერზეც ჰკითხეს. მან უპასუხა: „მინდა ერთი რამ ხაზგასმით ვთქვა: მგონი იტალიურად ვლაპარაკობ, მაგრამ მერე ირკვევა, რომ ჩემი ნათქვამი სწორად ვერ გაიგეს. წინა პრეს-კონფერენციაზე გულის დაწყვეტა ვახსენე, მაგრამ არ მითქვამს, რომ გული კვარამ ან კლუბმა დამწყვიტა. მე ჩემს პირად განცდაზე გავამახვილე ყურადღება. ვწუხვარ, რომ შეიქმნა მდგომარეობა, რომელზეც გავლენა ვერ ვიქონიე. დღეს წავიკითხე სათაურები, რომლებიც არ მომეწონა. მწვრთნელი ვალდებულია გუნდში შექმნილ ვითარებაზე გავლენა მოახდინოს. მისი ზემოქმედების შედეგად ფეხბურთელები კლუბისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს უნდა იღებდნენ. მე კი ამ შემთხვევაში ეს ვერ შევძელი, არადა მეგონა, რომ ფეხბურთელს ყველაფერი ავუხსენი და დავარწმუნე. შესაძლოა ზედმეტად თავდაჯერებული ვიყავი. სამწუხაროა, რადგან კვარაცხელია შესანიშნავი ფეხბურთელია. ის კარგი ბიჭია და მოდი ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ჯერ კიდევ „ნაპოლის’’ წევრია. ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არაფერია. მეორე მხრივ კი მინდა შევაქო ფეხბურთელების ის ჯგუფი, რომელმაც ჩვენი პროექტი მიიღო და წინ თანამონაწილეობის დიდი გრძნობით მიიწევს’’.