Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli during the serie Serie A Enilive match between SSC Napoli and Venezia FC at Stadio Diego Armando Maradona on...„ნაპოლის’’ მწვრთნელის ანტონიო კონტეს პრეს კონფერენციას ევროპაში გამოხმაურება მოჰყვა. საქმე ეხება ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლიდან „პარი სენ ჟერმენში’’ შესაძლო გადასვლას. საიტი fotmob მკითხველს შეახსენებს, რომ კვარაცხელია „ნაპოლიში’’ 2022 წელს ბათუმის „დინამოდან’’ გადავიდა და პირველივე სეზონში „აძურის’’ სკუდეტოს მოპოვებაში დაეხმარა. იმ სეზონში მარცხენა გარემარბმა 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი შეასრულა, თუმცა შემდეგი სეზონი მთელმა გუნდმა ჩააგდო ― მე-10 ადგილზე გავიდა.

მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ 8 საგოლე მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა: გაიტანა 5 გოლი და გადააწოდა 3 საგოლე პასი და გუნდის ლიდერობაში თავისი წვლილი შეიტანა. მან შექმნა 28 საგოლე მომენტი. ამ მაჩვენებლით სერია A-ში ქართველს მხოლოდ 6 ფეხბურთელი უსწრებს. რაც შეეხება დრიბლინგს, კვარაცხელიას მაჩვენებელია 67. მასზე წინ ოთხი ფეხბურთელია.

„ნაპოლი’’ დღეს „ვერონას’’ ხვდება. კონტემ კვარაცხელია განაცხადში არ შეიყვანა, პრეს-კონფერენციაზე კი თქვა: „უხერხული კითხვებისთვის თავი არასდროს ამირიდებია. თუ ვლაპარაკობ ესე იგი სიმართლეს ვამბობ, წინააღმდეგ შემთხვევაში ხმას არ ვიღებ. ტყუილის თქმა არ მიყვარს. ჩვენ მნიშვნელოვან ფეხბურთელზე ვლაპარაკობთ. ზაფხულში კლუბს რამდენიმე მოთამაშის შენარჩუნება მოვთხოვე და ერთი მათგანი იყო ხვიჩა. მას წასვლა უნდოდა. სხვებსაც უნდოდათ წასვლა. ჩვენ გავაგრძელეთ მუშაობა, მაგრამ ხალხი რაღაცებს იოლად ივიწყებს. ექვსი თვის წინ მე მომიწია დარჩენაზე დამეყოლიებინა ფეხბურთელები, რომლებიც ჩემი პროექტისთვის მნიშვნელოვნად მიმაჩნდა, არადა ბევრს სხვა გზაზე უნდოდა წასვლა.

რაც შეეხება კვარაცხელიას შემცვლელს, მართალი გითხრათ ჯერ არ გადამიხედია პროფილებისთვის. ჯერჯერობით რაც მოხდა ძალიან ახალი ამბავია, ეს იყო მეხი მოწმენდილ ცაზე. ახლა მხოლოდ „ვერონასთან’’ თამაშზე ვფიქრობ. დღეს მნიშვნელოვანი ყიდვა-გაყიდვა ან შემოსავალ-გასავალი კი არა, ხვალინდელი მატჩია. მისი ფასი სამი ქულაა. ჯერ არაფერი აგვიწონ-დაგვიწონია, რადგან კვარა კვლავ „ნაპოლის’’ ფეხბურთელია. ხვალ ან 31 იანვარს კი ვნახოთ. სიტუაციას კონტროლი სჭირდება და მოდი ეს საქმე კლუბს მივანდოთ. კლუბს და კვარას გარემოცვას. მე რაც უნდა გამეკეთებინა, გავაკეთე. შეიძლება ბევრიც კი კავაკეთე’’.

სერია A-ში გადასვლის შემდეგ კვარაცხელია საგოლე მოქმედებების რაოდენობით იტალიურ ლიგაში მეხუთეა (47), საგოლე მომენტების შექმნით მეორე (145), ხოლო წამოწყებული და წარმატებული დრიბლინგების რაოდენობით (482 და 196) პირველი.