პოლ პოგბას ძმას მატიე პოგბას სამწლიანი პატიმრობა და 20 000 ევროს ტოლფასი ჯარიმა მიესაჯა. ის ძმისთვის 11 მილიონი გირვანქის გამოძალვას ცდილობდა.

მატიე პოგბა გისოსებს მიღმა არ იჯდება. მას ელექტრონულ სამაჯურს გაუკეთებენ. სამიდან ორი წელი გაუქვითეს, ერთი კი სამაჯურით უნდა გაატაროს. მისი ხუთი თანამზრახველი სასჯელს ჩვეულებრივად მოიხდის. ზოგ მათგანს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

მატიე პოლიციამ პირველად 2022 წელს დააკავა. მისმა ვარსკვლავმა ძმამ, რომელიც იმ წელიწადს „მანჩესტერ იუნაიტედიდან’’ „იუვენტუსში’’ გადავიდა იჩივლა, რომ ის და მათი რამდენიმე ბავშვობის მეგობარი „კრიშის’’ სანაცვლოდ 13 მილიონს სთხოვდნენ. აღიძრა საქმე, რომელიც მოიცავდა იარაღის გამოყენებით ფულის გამოძალვას, ადამიანის ჯგუფურ გატაცებასა და კრიმინალური საზოგადოების წევრობას.

მატიე თავად ჩაბარდა პოლიციას. ის 2022 წლის დეკემბრამდე იჯდა იზოლატორში, საიდანაც იმ პირობით გამოუშვეს, რომ ძმას და დედას აღარ შეხვდებოდა.

რაც შეეხება პოლ პოგბას, ის თავისუფალი აგენტია. შეგახსენებთ, რომ ბოლოს „იუვენტუსის’’ მოთამაშე იყო და დოპინგზე ჩავარდა. დისკვალიფიკაციის წელიწადნახევრიანი ვადა მოიხადა და ახლა ახალ კლუბს ეძებს.