Napoli player Alessandro Buongiorno and Khvicha Kvaratskhelia before the afternoon training session at SSC Napoli Training Center on November 07,...ალესანდრო ბონჯორნოს ტრავმა „ნაპოლის’’ მწვრთნელისთვის ანტონიო კონტესთვის რასაკვირველია დიდი დარტყმა იყო, სამაგიეროდ ხვიჩა კვარაცხელიას გამოჯანმრთელების საქმე მიდის კარგად. „სქაი სპორტის’’ ცნობით ქართველმა გუშინ უკვე გუნდთან ერთად ივარჯიშა და ყველაფერმა კარგად ჩაიარა ― ნატკენი კუნთი არ გამიზეზებია.

კლუბის ექიმები და კონტე კვარაცხელიას დღეს კიდევ დააკვირდებიან და იმის მიხედვით გადაწყვეტენ წაიყვანონ თუ არა გენუაში, სადაც „ნაპოლი’’ შაბათს, საქართველოს დროით 21 საათზე თამაშობს. თუ გადაწყდება, რომ ჯობს გარემარბმა დაისვენოს, მაშინ ხვიჩას მოედანზე 29 დეკემბერს, მარადონაზე, „ვენეციას’’ წინააღმდეგ ვიხილავთ.

ნეაპოლის მთავარი გაზეთი „ილ მატინო’’ კი წერს: „ხვალ „ჯენოასთან’’ მატჩია, დღეს ― ტესტია კვარასთვის, მაგრამ სასტარტოში ყველა ვარიანტში ნერეში ითამაშებს’’.

ამრიგად, „ნაპოლი’’ მე-17 ტურის შეხვედრისთვის ემზადება. „ჯენოა’’, რომელსაც წარსულში „არსენალისა’’ და საფრანგეთის ნაკრების დიდი ვარსკვლავი პატრიკ ვიეირა უდგას სათავეში, ახალი მწვრთნელის მოსვლის ანუ 20 ნოემბრის შემდეგ არ დამარცხებულა, მაგრამ ცხრილში მხოლოდ მე-13 ადგილზეა.

სტატისტიკის თანახმად, 2010 წლის შემდეგ „ჯენოამ’’ „ნაპოლის’’ 27 შეხვედრიდან მხოლოდ ორი მოუგო. 8 თამაში ფრედ დასრულდა, ხოლო 17-ში „აძურიმ’’ გაიმარჯვა.

„ნაპოლი’’ გენუაში სავარაუდოდ ასეთი შემადგენლობით ითამაშებს: მერეტი – დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟესუსი, ოლივერა – ზამბო ანგისა, ლობოტკა, მაკტომინეი – პოლიტანო, ლუკაკუ, ნერეში.