შეტევაში „ნაპოლის’’ პრობლემათა მთავარი მიზეზი მართლა რომელუ ლუკაკუა? – კითხულობს პორტალი tuttonapoli და თავისავე კითხვას ასე პასუხობს: როგორც სხვა ყველაფერზე, ფეხბურთში მკაფიო პასუხი არც ამაზე არსებობს. ერთი მხრივ იმის მტკიცება, რომ დიდი რომი მაღალ დონეზე თამაშობს, არ შეიძლება; მეორე მხრივ კი არც ყველაფრის ლუკაკუსთვის დაბრალებაა სწორი.
„გუნდი ზრდის პროცესშია’’, – თქვა ბოლო პრეს-კონფერენციაზე „აძურის’’ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ. მეორე მხრივ, გუნდური თამაშის ზრდას ცალკეული მოთამაშეების ინდივიდუალური ზრდაც უნდა აჰყვეს.
Tuttonapoli-ს მოჰყავს გრაფიკები. პირველზე მოყვანილია ლუკაკუს ბურთის ფლობა ბოლო ექვსი სეზონის განმავლობაში. ირკვევა, რომ „ნაპოლიში’’ ბელგიელი ბურთს ერთ შეხვედრაში საშუალოდ 23.4-ჯერ ეხება. ამაზე ოდნავ უკეთესი მაჩვენებელი მას „ჩელსიში’’ ჰქონდა – 27.3. აი, რაც შეეხება სკუდეტოს მომგებ „ინტერში’’ თამაშის წელიწადს, ლუკაკუს მაჩვენებელი მართლაც ეფექტური იყო: 35.1. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ ფეხბურთელზე ძალიან ცუდად იმოქმედა იმ ფაქტმა, რომ საუკეთესო პერიოდთან შედარებით 90 წუთის განმავლობაში მას 30%-ით ნაკლებად ამარაგებენ ბურთით. ნაკლები პასი ცხადია ნაკლებ გოლს ნიშნავს. გარდა ამისა, ალბათ არ არის სწორი ფეხბურთელს მოსთხოვო ზუსტად ისე თამაში, როგორც კარიერის საუკეთესო წლებში თამაშობდა.
დღეს ლუკაკუ მოწინააღმდეგის საჯარიმოში ერთ შეხვედრაში საშუალოდ 3.52-ჯერ იღებს ბურთს, მაშინ, როდესაც „ინტერში’’ 6.68-ჯერ იღებდა, ხოლო „რომაში’’ 4.90-ჯერ.
მეორე გრაფიკზე კი ნაჩვენებია კარისკენ და კარის ჩარჩოში დარტყმების რაოდენობა, რომელიც „ნაპოლიში’’ გადასვლის შემდეგ არათუ საუკეთესო წლებთან შედარებით შემცირდა, არამედ ასეთი დაბალი მაჩვენებელი ბელგიელს კარიერაში არ ჰქონია. მაგრამ… დარტყმისა და გოლის შეფარდება არ ჩეცვლილა. მეტიც, გაუმჯობესდა კიდეც. ახლანდელი მაჩვენებელია 0.20 გოლი ერთ შეხვედრაში და მხოლოდ „ინტერში’’, საუკეთესო სეზონში ჰქონდა 0.21.
გამოდის, რომ კონტემ უნდა მოიფიქროს როგორ მიაწოდონ ლუკაკუს ბურთი უფრო ხშირად.