„მედიალური კოლატერალური მყესის დაბალი სიმძიმის დაზიანება’’ – წერია ხვიჩა კვარაცხელიას დიაგნოზში. შეგახსენებთ, რომ ქართველმა გარემარბმა კვირას „ნაპოლისა’’ და „ლაციოს’’ შეხვედრაში, რომელიც რომაელებმა 1:0 მოიგეს, ფეხი იტკინა. „ნაპოლის’’ ბანაკიდან გამოსული პირველი ცნობების თანახმად მას 19 იანვრამდე ვერ უნდა ეთამაშა, თუმცა მომდევნო დღეს დაწერეს, რომ კვარაცხელია „უდინეზესა’’ და „ჯენოასთან’’ შეხვედრებს გამოტოვებს, 29 დეკემბერს „ვენეციასთან’’ კი უკვე შეიძლება ითამაშოს. თუ გარემარბის 29 დეკემბრისთვის გამოჯანმრთელება ვერ მოხერხდება, მაშინ ექიმები შეეცდებიან ის 4 იანვრისთვის, „ფიორენტინასთან’’ მატჩისთვის მაინც ჰყავდეთ მზად.
ამასობაში, ნეაპოლის მთავარმა გაზეთმა „ილ მატინომ’’ კულუარულად შეიტყო, რომ „ნაპოლის’’ 77-ე ნომერმა გუნდის ექიმ რაფაელე კანონიკოს, რომელმას მას მოედანზე პირველი დახმარება გაუწია, უთხრა: „ეს არაფერია, ჩვენ გამარჯვებაზე უნდა ვიფიქროთ. მე შემიძლია თამაში. არ არის პრობლემა, გამიშვით’’.