
მო სალაჰმა მეორე ტაიმში პენალტი გაიტანა, რის წყალობითაც გიორგი მამარდაშვილის მომავალმა გუნდმა „ლივერპულმა’’ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში სტუმრად მოუგო „ჟირონას’’ 1:0. ამრიგად, მერსისაიდელებმა 6 თამაშიდან ექვსივე მოიგეს და თავი ქუდში აქვთ ― ცხრილში უეჭველად ზედა რვა გუნდში დაიკავებენ ადგილს, რაც იმას ნიშნავს, რომ თებერვალში ფლეი-ოფს ასცდებიან.
ასეთი წარმატების მიუხედავად მწვრთნელი არნე სლოტი უკმაყოფილოა, რომ მისმა გუნდმა „ჟიროსასთან’’ აგრესიულად არ ითამაშა – მეტი მართებდაო. და რაკი „ლივერპული’’ ის გუნდია, რომლის ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება მომავალი სეზონიდან მამარდაშვილმა უნდა სცადოს, მეკარეებზე გავამახვილოთ ყურადღება: გამოჯანმრთელდა ლივერპულელთა მთავარი გოლკიპერი ალისონი, რომელიც სლოტმა პირდაპირ ძირითად შემადგენლობაში დააბრუნა.
სლოტი: „პირველი ხუთი თამაშით კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ დღეს უკმაყოფილო დავრჩი. განსაკუთრებით ორი რამ არ მომეწონა. პირველი ის, რომ როდესაც ხვდები გუნდს, რომელმაც დაცვიდან ბურთის გამოტანა კარგად იცის, მაშინ ძალიან ინტენსიურად უნდა ითამაშო. წინააღმდეგ შემთხვევაში მეტოქე გაჯობებს. „ჟირონამ’’ ეს თვისება „ეინდჰოვენთან’’ თამაშის გარდა ყველა მატჩში გამოავლინა და გაცილებით მეტ ქულას იმსახურებდა, ვიდრე აქვს.
მეორე კი ის, რომ ყოველთვის, როდესაც ბურთს ვკარგავდით, საკმარისად აგრესიულები არ ვიყავით. მეტოქე დაუბრკოლებლად მოდიოდა წინ და კარში არტყამდა’’.
რაც შეეხება ზემოთ ნახსენებ ალისონს, რომელიც ორი თვე ორთავა კუნთის ტრავმას მკურნალობდა, მოედანზე დაბრუნდა და ხუთ ძნელად მოსაგერიებელ დარტყმას გაართვა თავი.
„გოლი რომ არ გავუშვით, ალისონის დამსახურებაა, ― თქვა სლოტმა, ― ის ჩვენი მთავარი მეკარეა. ეს არ აკნინებს მის შემცვლელ ქუივენ კელერს, რომელიც ალისონის არყოფნაში შესანიშნავად თამაშობდა, მაგრამ ბრაზილიელი წლების განმავლობაში კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, რაც დღესაც დაამტკიცა. ჩემი აზრით ის მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა. იმედი ვიქონიოთ, რომ ასევე შესანიშნავად განაგრძობს’’.
მოგეხსენებათ, კელერი ჩინებული გოლკიპერია, მაგრამ „ენფილდიდან’’ წასვლა უნდა, რის შესახებაც არაერთხელ უთქვამს. სანამ ალისონი ტრავმას მკურნალობდა ის გუნდს პრემიერლიგის ცხრილში პირველ ადგილზე დამკვიდრებაში დაეხმარა, მაგრამ დაბრუნდა თუ არა ბრაზილიელი, ის სკამზე დასვეს.