Napoli, Kvara stops. Neres, Ngonge, Raspadori: who plays?
დავიდ ნერეში

მაშ ასე, „ნაპოლის’’ დაახლოებით ერთი თვით ხვიჩა კვარაცხელია გამოაკლდა, რას იმას ნიშნავს, რომ ანტონიო კონტემ გუნდის თავდასხმა უნდა შეცვალოს. Napolipiu წერს, რომ ქართველი ყველაზე ცუდ დროს დაშავდა ― „ლაციოსთან’’ ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ. რა ვარიანტები აქვს სალენტოელ მწვრთნელს?

პირველი, რაც იტალიაში თავში აზრად მოსდით კვარაცხელიას დავიდ ნერეშით შეცვლაა, ყოველგვარი სისტემის გადაწყობის გარეშე. ბრაზილიელი, რომელიც ადრე „ბენფიკაში’’ თამაშობდა, მანამდე კი „შახტარში’’ იყო მიმდინარე სეზონში თხუთმეტჯერ შევიდა მოედანზე, სადაც ჯამში 394 წუთი დაჰყო. ამ დროის განმავლობაში მან 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი ჩააწოდა. ნერეში ცაციაა, რომელსაც ზოგადად მარჯვენა ფრთაზე ურჩევნია თამაში, მაგრამ კონტე მას მარცხნივაც იყენებდა, კვარაცხელიას ალტერნატივად ამზადებდა.

რაც „ნაპოლიში’’ გადავიდა ნერეშმა სასტარტო შემადგენლობაში სულ სამჯერ ითამაშა, ორჯერ იტალიის თასზე („პალერმოსა’’ და „ლაციოს’’ წინააღმდეგ) და ერთხელ ჩემპიონატის შეხვედრაში, „ლეჩესთან’’, 26 ოქტომბერს.

ნერეშის გარდა  კვარაცხელიას კიდევ ერთი ალტერნატივა არის სირილ ნგონგე. „ვერონას’’ ყოფილი მოთამაშეც ცაციაა, ფრთაზე სწრაფად და მეტოქისთვის მოულოდნელად თამაში ეხერხება.

მესამე ვარიანტი კი გახლავთ ჯაკომო რასპადორი, თუმცა მწვრთნელი მას უფრო მეორე ფორვარდად აღიქვამს, ვიდრე გარემარბად.

ჩამოთვლილთა გარდა არის ნაკლებად მოსალოდნელი შესაძლებლობები: ხვიჩას მაგივრად ლეონარდო სპინაცოლას ან მაიკლ ფოლორუნშოს თამაში. სპინაცოლა, „რომას’’ ყოფილი ფეხბურთელი, ახლა მატიას ოლივერას მარქაფაშია. მას განაპირა მცველობის გარდა შედარებით წინაც შეუძლია თამაში. ფოლორუნშო კი კლასიკური ნახევარმცველია, რომელიც კონტემ (მაგალითად „იუვენტუსთან’’) ფლანგზე გამოიყენა.

თეორიულად შეიძლება კვარაცხელიას გარეშე დარჩენილმა მწვრთნელმა საერთოდ სქემა გადააწყოს, მაგრამ შემდეგ თამაშებში ყველაზე სავარაუდო მაინც მარცხენა ფრთაზე ნერეშის გამოჩენაა.