„შავმა ლომმა“ ჩელენჯ თასის 2024-2025 წლების გათამაშება გამარჯვებით დაიწყო. ტურნირის სასტარტო მატჩში ქართულმა სარაგბო ფრენჩაიზმა ვაკეში, „მიხეილ მესხზე“ საფრანგეთის ტოპ 14-ის აუტსაიდერი „ვანი“ 22:19 დაამარცხა.
ამ გამარჯვებით „შავი ლომი“ III პულის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე დაფუძნდა. ქართულ გუნდს 4 ქულა აქვს, ამედნივე ინგლისურმა „გლოსტერმა“ და ფრანგულმა „ბაიონმა“ დააგროვეს, მაგრამ გატანილ-გაშვებული ქულების სხვაობით პირველზე „გლოსტერი“ ავიდა, რომელმაც პარასკევს შინ შოტლანდიური „ედინბურგი“ 15:10 დაამარცხა, „ბაიონმა“ კი ბასკეთში უელსურ „სკარლეტსს“ თამაშის მიწურულს გატანილი ჯარიმით 17:16 აჯობა. ამდენად, სამივე სასტარტო მატჩი უშეღავათო ბრძოლაში მიილია და სამივე დამარცხებულმა სანუგეშო ბონუსის აღებაც მოახერხა.
რაც შეეხება თბილისურ მატჩს, მისი სასტარტო ნაწილი სტუმართა კარნახით წარიმართა, თუმცა პირველივე ქართული კონტრშეტევა ჯარიმის დარტყმის უფლების მიღებით დასრულდა და „შავი ლომის“ თანაკაპიტანმა ლუკა მატკავამ (მეორე აქტიური კაპიტანი 8 ნომერი ლუკა ივანიშვილი გახლავთ) უნაკლო დატყმით ანგარიში გახსნა – 3:0.
ტაიმის შუისკენ ფრანგებმა დერეფანში ბურთი მოიგეს და მახვილგონივრული კომბინაციით მატჩის პირველი ლელო გაიტანეს, რომელიც ზუსტად გარდასახეს და წინაც გაიჭრნენ – 7:3. ათიოდე წუთში მატკავამ კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა, ჩამორჩენა მინიმუმამდე (6:7) დაიყვანა და უკვე ამოწურულ დროში ლელო გარდასახა, რომელიც ულამაზესი მრავალსვლიანი შეტევის შედეგად აკაკი ტაბუცაძემ დადო. ტაიმი 13:7 მოვიგეთ.
როგორც ბოლოს გამოჩნდა, ეს იყო თამაშის უკანასკნელი ლელო. დანარჩენი ქულები მხარეებმა დამრტყმელთა ჩუბინობის ხარჯზე დააგროვეს. ჯერ იყო და, მეორე ნახევრის საწყის ათწუთეულში ფრანგთა მგეზავმა ორჯერ გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა – 13:13.
ლუკა მატკავამ ქართული ფრენჩაიზი მალევე დააწინაურა, რასაც ფრანგთა პასუხმა არ დააყოვნა – 16:16. იგივე გამეორდა, როცა თამაშის დასკვნითი და გადამწყვეტი ოცწუთეული დაიწყო – მატკავას გასროლას მსმა ვანელმა ვიზავიმ უპასუხა – 19:19.
ხოლო როცა თამაშის დასრულებამდე არასრული 6 წუთი რჩებოდა, მატკავამ გადამწყვეტი ჯარიმა გაიტანა – 22:19.
დარჩენილი წუთები ისეთი ჩახვეული სიუჟეტით წარიმართა, მოყოლაც რომ რთულია. შეცდომების მთელი კასკადის შემდეგ გუნდები ბოლო წამებამდე მივიდნენ, სულ ბოლოს კი ქართველებმა თავი მტკიცედ დაიცვეს და ურთულესი გამარჯვებაც იზეიმეს.
ლუკა მატკავამ თამაში 17 ქულით დაასრულა და მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზიც ალალად დაიმსახურა. ერთ კვირაში უელსური გასვლაა – შარშან ძლეულ „სკარლეტსს“ ვეთამაშებით, რომელიც „რაგბის გაერთიანებულ ჩემპიონატში“ 16-გუნდიაინი ცხრილის მე-9 საფეხურზეა.