Khvicha Kvaratskhelia during warm-upხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან’’ კონტრაქტს ვადა 2027 წელს გაუდის, – შეგვახსენებს საიტი spazionapoli და დასძენს, რომ „ნაპოლი’’ ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას ცდილობს. „ქართველი „აძურისთან’’ პირველი და ჯერჯერობით ბოლო ხელშეკრულებით არის დაკავშირებული. შესაბამისად ხელფასი, რომელსაც იღებს მისი დონის მოთამაშეს არ შეეფერება’’ – ესეც spazionapoli-ს სიტყვებია.

პორტალი იმასაც შეგვახსენებს, რომ კვარაცხელიამ კლუბიდან წასვლის სურვილი პირველად  გასულ ზაფხულს გამოთქვა, როდესაც მისი შეძენით „პარი სენ ჟერმენი’’ დაინტერესდა, თუმცა შემდეგ „ნაპოლიში’’ მივიდა ახალი მწვრთნელი ანტონიო კონტე, რომელმაც რამდენიმე ფეხბურთელი, მათ შორის ხვიჩა ხელშეუხებლად გამოაცხადა. მას მერე დაიწყო მოლაპარაკებები „ნაპოლის’’ ხელმძღვანელებსა და ფეხბურთელის წარმომადგენლებს შორის, თუმცა ამ მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ მოიტანა, რადგან კლუბს ხელფასიან-ბონუსიანად წელიწადში 6 მილიონი ევროს გადახდა შეუძლია, კვარაცხელიას მხარე კი 8 მილიონს და გამოსასყიდ თანხად მხოლოდ 80 მილიონის ჩაწერას ითხოვს. მხარეები ვერც საკომისიოზე თანხმდებიან. ძლიერდება განცდა, რომ მათ შორის შეთანხმება ვერ შედგება.

ამასობაში ინგლისიდან დაირხა ხმა, რომ კვარაცხელიას შეძენით ერთ-ერთი ტოპ-კლუბია დაინტერესებული, რომელსაც „ნაპოლისა’’ და ფეხბურთელის გარემოცვის უშედეგო მოლაპარაკებები დიდ სტიმულს აძლევს. ინგლისური საიტი GiveMeSport წერს, რომ ქართველი ფეხბურთელით „ლივერპული’’ დაინტერესდა, თუმცა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს არაფერს უნდა ველოდოთ. მერსისაიდელებს მო სალაჰის შემდგომი ეპოქისთვის სჭირდებათ მომზადება და, როგორც ჩანს, ეგვიპტელის როლზე კვარასაც განიხილავენ.

Spazionapoli წერს, რომ ხვიჩასთვის „ლივერპულში’’ გადასვლას დამატებითი ხიბლიც აქვს ― გიორგი მამარდაშვილი, რომელიც უკვე „წითლების’’ ფეხბურთელია და მომავალი სეზონიდან „ენფილდზე’’ გადავა. საიტი თავის მკითხველს შეახსენებს, რომ კვარაცხელია და მამარდაშვილი საქართველოს ნაკრების აღორძინების სიმბოლოები არიან.

GiveMeSport კი წერს, რომ თუკი აქამდე „ლივერპული’’ „ნაპოლისა’’ და კვარაცხელიას ურთიერთობას მხოლოდ აკვირდებოდა, ამიერიდან, სავარაუდოდ, ნაბიჯებსაც გადადგამს, რადგან ფაქტია, რომ ნეაპოლური კლუბისა ფა ფეხბურთელის მოლაპარაკებებს არსად მივყავართ.