შაბათს, 17 საათზე, თბილისის „მიხეილ მესხზე“ დაიწყება პირველი ქართული პროფესიული სარაგბო ფრენჩაიზის, „შავი ლომისა“ და საფრანგეთის ტოპ 14-ის დებიუტანტ „ვანის“ მატჩი.

ეს შეხვედრა „ჩელენჯ (ქართულად – გამოწვევის) თასის“ ეგიდით გაიმართება. 2024/2025 წლების სეზონის ეს ტურნირი ქართული გუნდისთვის უკვე მეორე იქნება შარშანდელის ჩათვლით. მოგეხსენებათ, ამ ტურნირის ფორმულის თანახმად, სამ ჯგუფში გადანაწილებული 6-6 მონაწილე ჯგუფურ ეტაპზე 4 მატჩს მართავს, ანუ თავისი ჯგუფის ერთ-ერთ მონაწილეს არ ხვდება.

შარშანდელ ტურნირში „შავმა ლომმა“ ინგლისურ „გლოსტერთან“ სანუგეშო ბონუსით წააგო, უელსურ „სკარლეტსს“ უელსშივე მოუგო, ფრანგულ „კასტრსა“ და „კლერმონთან“ კი წააგო: პირველთან – გასვლაზე, მეორესთან – შინ.

წლევანდელ გათამაშებაშიც ორი ფრანგული მოწინააღმდეგე გვეყოლება. „ვანი“ ტოპ 14-ის დებიუტანტია და შესაბამისად, საერთაშორისო არენაზეც გამოუცდელია, თან საფრანგეთის მიმდინარე ჩემპიონატში გამოკვეთილი აუტსაიდერია. ეს ერთი იმ იშვიათ კლუბთაგანია, რომელთა სეზონურ განაცხადში არცერთი ქართველი არ ირიცხება.

იანვარში იქნება „ბაიონთან“ შეხვედრა, რომლის განაცხადში ჩვენებურები კი არიან, მაგრამ ისინი ესპუართა გუნდში თამაშობენ და მიმდინარე სეზონში ტოპ 14-ში არცერთ მათგანს არ უთამაშია. უელსურ „სკარლეტსთან“ კი წლეულსაც შედგება შეხვედრა, ამჯერადაც – უელსში. ეს თამაში ერთ კვირაშია. ჯგუფური ეტაპის ფინიშზე კი „შავი ლომი“ შოტლანდიურ „ედინბურგს“ დაუპირისპირდება. ჯგუფის კიდევ ერთი, „ქართველებისთვის უქმე მონაწილე შარშან გაცნობილი „გლოსტერია“.

„შავი ლომის“ შემადგენლობაში ერთადერთი სიახლეა შემოდგომაზე მოგებული სუპერთასის შემდეგ – სანდრო მამამთავრიშვილი „ლოკომოტივ-პენზადან“ მშობლიურად ქცეულ „შავ ლომში“ დაბრუნდა და ვანელებთან შეხვედრაში სასტარტოშიც იქნება.

„შავი ლომის“ შემადგენლობა „ვანთან“ შეხვედრაში:

  1. ვასილ კაკოვინი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. ვლადიმერ ჩაჩანიძე, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ლუკა ივანიშვილი, 9. თენგიზ პერანიძე, 10. ლუკა მატკავა (კაპიტანი),11. ალექსანდრე თოდუა, 12. იოანე მეტრეველი, 13. თორნიკე კახოიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 15. ლუკა ცირეკიძე.

მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე, 17. დავით აბდუშელიშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. დემურ ეფრემიძე, 20. გიორგი სინაურიძე, 21. დავით ხუროშვილი, 22. დემურ თაფლაძე, 23. ამირან შვანგირაძე.