ესპანური საიტი football-espana წერს, რომ „ბარსელონა’’ კვლავ განაგრძობს ტოპ-კლასის მარცხენა გარემარბის ძებნას. გასულ ზაფხულს კატალონიელებს ნიკო უილიამსის გადაბირება უნდოდათ, მაგრამ ვერ შეძლეს. დასახელებულ კანდიდატთა შორის ორი სერია A-ს კლუბებიდანაა: ხვიჩა კვარაცხელია და რაფაელ ლეაო.

ქართველი „ნაპოლისთან’’ საკონტრაქტო დაძაბულობის ეტაპზეა. მომდევნო ზაფხულს ის სულ მცირე 80 მილიონი ევრო ეღირება, მაგრამ მისი შეძენა ნეაპოლელთა პრეზიდენტთან აურელიო დე ლაურენტისთან ვაჭრობას ნიშნავს, ის კი football-espana-ს თქმით საქმიანი ურთიერთობისთვის ძალიან რთული ადამიანია. და მაინც, კიდევ ერთი ესპანური წყარო, კატალონიური გაზეთი sport წერს, რომ კვარაცხელიას ვარიანტი უფრო პერსპექტიულია ვიდრე ლეაოსი, რომელსაც „მილანის’’ თავკაც პაულო ფონსეკასთან ურთიერთობა გაუფუჭდა.

კატალონიური გაზეთის ცნობით „ბარსელონაში’’ გადასვლა ორივე ფეხბურთელს სურს, თუმცა კვარაცხელიას „ნაპოლიში’’ იმდენად ცოტას უხდიან, რომ მისი მოტივაცია უთუოდ მეტი იქნება. კვარაცხელიას კიდევ ერთი უპირატესობა მისი ასაკია ― ის პორტუგალიელზე ორი წლით უმცროსია. და ბოლოს, „მილანი’’ ლეაოს სანაცვლოდ 150 მილიონ ევროს ითხოვს.

football-espana წერს, რომ sport-ის სტატიაში არაფერს ამბობენ ზემოთნახსენებ ნიკო უილიამსზე. „ბილბაოს’’ შემტევი მაინც რჩება „ბლაუგრანას’’ მთავარ პრიორიტეტად და საკმარისია მან კატალონიელებს საპასუხო სიმპათია აგრძნობინოს, რომ კლუბი მთელს აქცენტს მასზე გადაიტანს. მაგრამ ყველაფერი რაც ზემოთ ითქვა ჰიპოთეზაა, ვინაიდან „ბარსელონა’’ კვლავაც ძალიან აჭარბებს სახელფასო ლიმიტს და ფინანსურად შეზღუდულია.