იტალიური საიტი areanapoli სერია A-ს მორიგი ტურის შემდეგ კვლავ გვთავაზობს „ნაპოლის’’ თამაშის ტაქტიკურ ანალიზს და წერს, რომ ანტონიო კონტეს გუნდმა სტუმრად „ტორინისთან’’ დამსახურებულად გაიმარჯვა. მეთოთხმეტე ტურში „აძურიმ’’ ლიდერობა არ დათმო. სატურნირო მდგომარეობაზე ლაპარაკისას პორტალი ყურადღებას ამახვილებს „იუვენტუსის’’ ფრეზე ლეჩეში (1:1), რომლის შედეგად „ბებერი ქალბატონი’’ „ნაპოლის’’ ექვსი ქულით ჩამორჩა. გარდა ამისა პარმაში 1:3 დამარცხდა „ლაციო’’ და 14 თამაშის შემდეგ „პარტენიპეელებზე’’ ოთხი ქულით უკან დარჩა. რაც შეეხება ტაქტიკურ მხარეს, areanapoli წერს, რომ კონტეს თამაშში რამდენიმე სიახლე შეინიშნებოდა.

თუმცა ზოგადით დავიწყოთ. სტატისტიკური ანალიზი აჩვენებს, რომ „ტორინოსა’’ და „ნაპოლის’’ შეხვედრაში სტუმრები მნიშვნელოვან უპირატესობას ფლობდნენ. ფეხბურთელების ინდივიდუალური მონაცემები კი ადასტურებს, რომ „აძურის’’ რამდენიმე წევრმა, რომელთაგან წინა შეხვედრებში მეტს ელოდნენ, თამაშის ხარისხი საგრძნობლად გააუმჯობესა. ეს უპირველეს ყოვლისა რომელუ ლუკაკუზე ითქმის, რომელმაც აჩვენა, რომ წინა ტურთან შედარებით ყველა პარამეტრით წინაა, მათ შორის ფიზიკურადაც. ბელგიელმა კარის მიმართულებით ოთხჯერ დაარტყა, მათგან ორჯერ ჩარჩოში, შეასრულა ერთი საკვანძო პასი ანუ პასი, რომელსაც დარტყმა მოჰყვა. მისი გადაცემების სიზუსტე იყო 93%; ბურთს არ კარგავდა და გუნდის მოქმედებებში აქტიურად მონაწილეობდა ― ამ მაჩვენებლით მიმდინარე სეზონში ეს იყო მისი საუკეთსო შეხვედრა.

„ტორინოსთან’’ კარგად ითამაშა „ნაპოლის’’ დაცვამ, ოღონდ, თუკი ალესანდრო ბონჯორნოს სტატისტიკა გაუარესდა, ამირ რაჰმანიმ და მატიას ოლივერამ მოუმატეს. რაჰმანი, მაგალითად, ბურთს 73-ჯერ შეეხო. პასების სიზუსტე ჰქონდა 92%. მოედანზე 5 ორთაბრძოლიდან ყველა მოიგო, ჰაერში კი 6-დან ხუთი.

ოლივერა ბურთს 69-ჯერ შეეხო, პასების სიზუსტე 90% ჰქონდა, შეასრულა ორი გადაცემა რომელთაც დარტყმა მოჰყვა, ჰაერში სამიდან სამი ორთაბრძოლა მოიგო, მოედანზე კი 4-დან სამი. მისი თავური დარტყმა მეტოქის მეკარემ ვანია მილინკოვჩ-სავიჩმა მოიგერია.

ხვიჩა კვარაცხელიაზე areanapoli მოკლედ წერს, ყველა მონაცემი გაუმჯობესებული ჰქონდაო. მატეო პოლიტანო თავის სტანდარტს არ ჩამოუვარდებოდა, სტანისლავ ლობოტკა კი ნელ-ნელა საუკეთესო ფორმაში შედის.

სკოტ მაკტომინეის თამაში კი ჩამოთვლილთა ფონზეც თვალშისაცემი გამოდგა. პორტალი ხაზს უსვამს, რომ ის მხოლოდ შოტლანდიელის გოლით არ მოხიბლულა. ოსტატურად შესრულებული დარტყმის მიღმა უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია თამაშის მოცულობა და ხარისხი, თან მოედნის ყველა მონაკვეთზე. მან ტურინში 12.916 კილომეტრი ირბინა („ნაპოლი’’ მიუახლოვდა გუნდურ რეკორდს, რომელიც 122.182 კილომეტრს უდრის). მაკტომინეიმ გუნდს 9-ჯერ მოუპოვა ბურთი და პასების სიზუსტე 89% ჰქონდა.

და ბოლოს პორტალი გამოყოფს კიდევ ორ მოთამაშეს. უპირველეს ყოვლისა ჯოვანი დი ლორენცოს, რომლის თამაშიც კონტემ განსაკუთრებით ეფექტური გახადა: მარტივად რომ ვთქვათ მწვრთნელმა კაპიტანს დაცვაში პოლიტანო დაახმარა, რითაც მას ნახევარსივრცეებში შევარდნისთვის ხელ-ფეხი გაუხსნა. ხოლო მეორე ფეხბურთელი, რომელსაც areanapoli საგანგებოდ ახსენებს გახლავთ ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა. მას ამ შეხვედრაში ახალი ფუნქცია ჰქონდა ― გაცილებით წინ თამაშობდა ვიდრე ადრე. ის ხშირად თავდამსხმელის პოზიციაზე შედიოდა, რასაც წინა შეხვედრებში უფრო მაკტომინეი აკეთებდა. საიტი ამბობს, რომ ასეთი ტაქტიკური სვლა მხოლოდ „ტორინოს’’ თამაშის სტილით იყო ნაკარნახევი თუ კონტეს ახალი ჩანაფიქრია, შემდგომ ტურებში გამოჩნდება.