გვინეის სიდიდით მეორე ქალაქ ნზერეკორეში საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარი არეულობის გამო დადასტურებულად 56 ადამიანი დაიღუპა. ამბობენ, რომ ხელისუფალთა მიერ დასახელებული რიცხვი რეალური არ არის და დახოცილთა რაოდენობა ასს უახლოვდება.
ნზერეკორე გახლავთ ქალაქი, რომელიც მდებარეობს ლიბერიის, სიერა ლეონესა და კოტ დ’ივუარის საზღვრებთან.
ზოგი ცნობის თანახმად არეულობა მსაჯის მიერ სტუმართა გუნდის „ლაბეს’’ ორი ფეხბურთელის გაძევებასა და საეჭვო პენალტის დანიშვნას მოჰყვა. „ლაბეს’’ გულშემატკივრებმა ტრიბუნიდან ქვების სროლა დაიწყეს. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ატყდა ჩხუბი და ჭყლეტა ― სტადიონი გადავსებული, გასასვლელი კი მხოლოდ ერთი იყო.
გვინეის პრემიერ მინისტრმა ორი ბამ გაავრცელა განცხადება რომელშიც მომხდარს ტრაგიკული მოვლენა უწოდა და დაზარალებულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა, ხოლო ექიმმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა თქვა, რომ გვამები მოშორებულ ადგილზე გააქვთ და იქ აწყობენ თვალში რომ არავის მოხვდეს.
„ბევრი იატაკზე ასვენია. მორგი გადავსებულია’’, ― თქვა მან. ადგილობრივი ჟურნალისტის პოლ საკუვოგის თქმით საავადმყოფოებთან პოლიციის კორდონები დგას. შიგ ექიმების მეტს არავის უშვებენ.
გვინეა, ეთიოპია, გამბია, ჩადი და სიერა ლეონე ის ქვეყნებია, სადაც კაფ-მა სანაკრებო მატჩების გამართვა აკრძალა. მიზეზი: სტადიონების გაუმართაობა.