NBA-ში მორგი მატჩები გამართეს ქართველთა გუნდებმა. გოგა ბითაძემ და სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე თითქმის ერთნაირი დრო გაატარეს და ორივემ საკუთარი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი დაიდო.
ბითაძის „ორლანდომ“ შინ „დეტროიტი“ დაამარცხა – 111:100. ჩვენებური სასტარტო შემადგენლობაში იყო და 17:39 წუთი ითამაშა. ამ დროში ქართველმა ცენტრმა 8 ქულის მოგროვება მოასწრო, რასაც თითო მოხსნა, პასი, ჩაჭრა და 3 დაფარება დაუმატა. გოგამ კალათს ხუთჯერ შეუტია, აქედან ერთხელ სამქულიანით და მხოლოდ პერიმეტრიდან ააცილა. ამ გამარჯვების შემდეგ ორლანდოს 11 მოგება და 7 მარცხი აქვს, რა მაჩვენებლითაც აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა. მომდევნო მატჩში „ორლანდო“ „შარლოტს“ ესტუმრება.
მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ მრისხანე „გოლდენ სტეიტს“ უმასპინძლა და 104:94 მოუგო. სანდროს სათამაშოდ 16:34 წუთი მიეცა, რა დროშიც 5 ქულა, 8 მოხსნა, თითო პასი და ჩაჭრა მიითვალა. ჩვენებურს სამქულიანები არ წაუვიდა და ხუთიდან მხოლოდ ერთი ჩააგდო. ასევე ზუსტი იყო მისი ერთადერთი ნასროლი ორქულიანიც.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენებურს სროლა არ წაუვიდა, გუნდში პლუს-მინუს მაჩვენებელი (14) ერთ-ერთი საუკეთესო ჰქონდა და მხოლოდ ვიქტორ ვემბანიამას (16) ჩამორჩა. „სან ანტონიოს“ 9 მოგება და 8 მარცხი აქვს. ეს მაჩვენებელი დასავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილისთვის არის საკმარისი, რაც ფლეი ოფში გამსვლელი ადგილი არ არის, მაგრამ ტეხასელები მათგან შორს არ არიან. მომდევნო მატჩში კი, ერთ-ერთ აუტსაიდერ „იუტა ჯაზს“ ესტუმრება.