კვირას, 24 ნოემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2024 წლის ნოემბრის ტესტების სეზონს დაასრულებს. ბორჯღალოსანთა მეტოქე ტონგა იქნება – კარგად ნაცნობი ზღვისრეთული გუნდი.

შეხსენებისთვის: რიჩარდ კოკერილის რაზმმა პირველი მატჩი ორი კვირის წინ მონპელიეში ახალი ზელანდიის XV-თან 13:31 წააგო პირველი ტაიმის 13:19 დათმობის შემდეგ.

მომდევნო კვირას ბორჯღალოსნები უკვე გენუას ესტუმრნენ, სადაც იტალიის ნაკრებს პირველი ტაიმი 17:6 მოუგეს, მაგრამ ამ ჯერზეც უქულო მეორე ნახევრის ფონზე 17:20 წააგეს.

რაც შეეხება ტონგელებს, მათაც ორივე საწყისი მატჩი დათმეს, ოღონდ გაცილებით დაბალი დონის მეტოქეებთან: ბუქარესტში რუმინეთან 15:25 დათმეს, შემდეგ კი ფრანგულ შამბერიში აშშ-ის ნაკრებთან 17:36.

ცხადია, ტონგის დღევანდელი ნაკრები ბორჯღალოსნებზე საგრძნობლად სუსტია და მომავალი შეხვედრის აშკარა ფავორიტიც საქართველოა, მით უფრო, რომ თამაში „მიხეილ მესხზე“ გაიმართება.

რაც შეეხება დაპირისპირებათა ისტორიას, კვირას ეს გუნდები  მე-8 შეხვედრას გამართავენ. წინა 7 მატჩიდან 5 ქართველებმა მოიგეს, მათ შორის 2015 წლის მსოფლიო თასზე, როცა ჩვენმა ბიჭებმა პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად მოიპოვეს ორი გამარჯვება პლანეტის მთავარ სარაგბო ფორუმზე.

ჩვენს ნაკრებში რამდენიმე გადაადგილებაა: 23-კაციან განაცხადში პირველად გამოჩნდნენ გიორგი მამაიაშვილი, ბექა საღინაძე, სანდრო მამამთავრიშვილი და გიორგი შველიძე. ეს უკანასკნელი ლეგენდარული ბორჯღალოსნის, პირველხაზელი გოდერძი შველიძის ვაჟია და ტონგასთან გიორგის სანაკრებო დებიუტი შედგება.

კიდევ ერთი საგულისხმო რამ: რიჩარდ კოკერილმა ზაფხულში გამოცდილ მეთოდს მიმართა და მარქაფაში 6 ფორვარდი შეიყვანა, როგორც ეს სამხრეთ აფრიკის ნაკრებშია დამკვიდრებული. ფაქტია, რომ წინა ორი მატჩის მეორე ნახევრებში ბორჯღაოსნებს ენერგია დააკლდათ და როცა მარქაფაში სპანდერაშვილი, ჯავახია თუ მამამთავრიშვილი გყავს, ახალი ძალა გარანტირებული უნდა იყოს. ვნახოთ…

თამაშის დასაწყისი 18 საათზეა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ტონგასთან შეხვედრაში:

  1. გიორგი ახალაძე (კლერმონი, 9 კეპი, 0 ქულა), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე, 17, 25), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი, 12, 0), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 12, 20), 5. ვლადიმერ ჩაჩანიძე (შავი ლომი, 20, 5), 6. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, 17, 10), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 42, 15), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი, 37, 25), 9. ვასილ ლობჟანიძე (კაპიტანი, ოიონაქსი, 89, 83), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 24, 160), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი, 116, 90), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 8, 0), 13. გიორგი კვესელაძე (გრენობლი, 62, 40), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 45, 200), 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 34, 68).

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი, 9, 0), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი, 6, 0), 18. ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე, 9, 5), 19. გიორგი ჯავახია (გრენობლი, 16, 10), 20. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი, 10, 10), 21. სანდრო მამამთავრიშვილი (ლოკომოტივ-პენზა, 6, 0); 22. გელა აფრასიძე (პერპინიანი, 54, 35), 23. გიორგი შველიძე (ბრივი, 0, 0).