იმეორებენ და იმეორებენ იტალიურ მედიაში ერთსა და იმავეს, თან ყოველდღე ისეთი ტონით, სათაურითა და შეფუთვით გეგონება რაიმე ახალი გახდა ცნობილი. ეს კი მხოლოდ ერთ რამეს შეიძლება ნიშნავდეს: თემა, რომელსაც აპენინებზე ასე დაჟინებით ატრიალებენ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქმე ხვიჩა კვარაცხელიას ახალ კონტრაქტს ეხება, უფრო სწორედ იმას, გააგრძელებს თუ არა ქართველი გარემარბი „ნაპოლისთან’’ თანამშრომლობას.
ნეაპოლური პორტალების დღევანდელი მთავარი თემაც კვარაცხელიას ხელშეკრულებაა. ამჯერად საკითხს ვითომ ახალი, სინამდვილეში კი გვარიანად ძველი რაკურსით აშუქებენ: კლუბსა და ფეხბურთელის გარემოცვას შორის მთავარი წინააღმდეგობა ხელფასი კი არა გამოსასყიდი თანხაა, რომელზეც მხარეები ვერ თანხმდებიან. მოქმედი ხელშეკრულება 2027 წლამდეა ძალაში. მის თანახმად კვარაცხელია წელიწადში მხოლოდ 1.5 მილიონ ევროს იღებს და მასში გამოსასყიდი თანხა ნახსენები არ არის, რადგან ამ ხელშეკრულებია შედგენისას „ნაპოლის’’ კვარაცხელია ამდენად ძლიერი ფეხბურთელი არ ეგონა. საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის გადაბირებით დაინტერესებულები არიან „ბარსელონა’’ და „პარი სენ ჟერმენი’’.
ნეაპოლის მთავარი გაზეთი „ილ მატინო’’ წერს: „ნაპოლიმ’’ თავისი მხრიდან უკვე ბევრჯერ გადადგა ნაბიჯი, მაგრამ საქმეს ძვრა არ უჩანს. ბურთი ქართველი ფეხბურთელის გარემოცვის ნახევარზეა, რომელმაც კარგად იცის, რომ თუ კლუბის შეთავაზებაზე უარს იტყვის, მოუწევს ახლანდელ (ტოპ-ფეხბურთელისთვის მინიმალურ) ხელფასთან შეგუება; სულ მცირე ივნისამდე. შემდეგ გამოჩნდება’’.
იტალიური წყაროები იმეორებენ, რომ აურელიო დე ლაურენტისი ფეხბურთელს 2029 წლამდე წელიწადში 5 მილიონიან ხელფასსა და დაახლოებით მილიონის პრემიებს სთავაზობს, მაგრამ კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი 8 მილიონს ითხოვს. თუმცა, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, დღევანდელი დღის მთავარი რაკურსი საკითხს გამოსასყიდი თანხის მხრიდან უყურებს. „და სწორედ ეს არის მთავარი წინააღმდეგობის საგანი’’, – წერს „ილ მატინო’’. კლუბს სურს, რომ ახალ ხელშეკრულებაში მოთამაშის გამოსასყიდ თანხად 120 მილიონი ევრო ეწეროს, ჯუღელი კი 80 მილიონზე მეტს არ თანხმდება.
ამასობაში გამოჩნდა ჟურნალისტი სებასტიანო სარნო, რომელმაც 1 Football Club-ში საკითხს ცოტა სხვა მხრიდან შეხედა: „კვარაცხელიას საკითხი ეკონომიკური არ არის. მას უბრალოდ განვითარება უნდა. აქ საქმე ისევე როდესაც ოდესღაც მო სალაჰი შემთხვევაში შესაძლებლობების ძიებაზეა და არა ფულზე’’.
სარნოს ნათქვამიდან გამოდის, რომ „ნაპოლიში’’ ქართველმა თავი ამოწურა. ის როგორც ფეხბურთელი ამ კლუბში მეტად ვეღარ განვითარდება და ამიტომაც უნდა ისეთ გუნდში გადასვლა, რომელიც მეტ შესაძლებლობებს შესთავაზებს. დიდწილად ეს მოსაზრება ალბათ მართალია, თუმცა საკითხი იმავდროულად ეკონომიკურიცაა. კლუბი ტოპ ფეხბურთელს მინიმალურ ხელფასს არ უნდა უხდიდეს.