სადღეგრძელოები გვიყვარს ქართველებს – გორგასალი რომ გოლიათი იყო… თამარის დროს რვა მილიონი რომ ვიყავით… სააკაძის ხმალი რომ 24 კილოს იწონიდა…

ესეც სადღეგრძელოა, მაგრამ მითად ქცეული კი არა, სტატისტიკაში სამუდამოდ დარჩენილი – სსრკ-ის ჩემპიონატს საკავშირო კი ერქვა, მაგრამ თითქმის 30 წელი ქვეყნის საფეხბურთო ოლიმპს მოსკოვურის გარდა არც ერთი გუნდი არ გააკარეს. ნავსი მხოლოდ 1961 წელს გატყდა, როცა კიევის „დინამომ“ იჩემპიონა და იმედი ქართველებსაც მოგვეცა.

თუმცა, მარტო იმედი რატომ? ჩვენი ის გუნდი ბევრ დღევანდელ ნაკრებს გააკრავდა ბეჭზე. საკავშირო ჩემპიონატის ფინიშზე თანაბარი ქულებით მისულ ჩვენს „დინამოს“ და მოსკოვურ „ტორპედოს“ გადათამაშება ტაშკენტში დაუნიშნეს…

ის დინამოელები ბოძებულ შანსს ხელიდან არ უშვებდნენ და მოსკოველი ავტოქარხნელები 4:1 დაამცირეს.

დღეს ამ მატჩიდან 60 წელი გავიდა.

ეს უბრალოდ ჩემპიონობა არ იყო – ეს ნებისყოფის, ჟინის და გენის გამარჯვება იყო სისტემაზეც და პროგნოზზეც.

წარმოდგენაც კი მიჭირს, რას უზამდნენ ჩრდილოეთ მაკედონიელებს, სომხებს ან ესტონელებს, ტაშკენტი რომ მოიტრიუმფეს, ის „ჩვენი ოქროს ბიჭები“.

მაინც სადღეგრძელო გამოგივიდა, მაგრამ, სხვაგვარად როგორ?!