ტირანაში, „ეარ ალბანიაზე’’ B1 ჯგუფის შეხვედრას ალბანეთისა და ჩეხეთის ნაკრებებს შორის გამარჯვებული არ ჰყოლია: 0:0. ბოლო ტურის წინ ჩეხებს 8 ქულა აქვთ, ალბანეთსა და საქართველოს კი – 7. უკრაინა, რომელმაც ბათუმში 1:1 ითამაშა, 5 ქულით ბოლო ადგილზეა. საბოლოო ცხრილში ვინ რომელ ადგილს დაიკავებს, ბოლო ტურში 19 ნოემბერს გაირკვევა.

ტირანული მატჩის ყველაზე საინტერესო მონაკვეთი პირველ ტაიმში იყო, როდესაც ჩეხებმა ერთწუთიან მონაკვეთში ორჯერ გაარტყეს ბურთი ხარიხას.

მატჩის შემდეგ, ალბანელების მწვრთნელმა სილვინიომ თქვა: „ჩვენ მოგება გვინდოდა. მართალია სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ბრძოლაში ვრჩებით. ყველაზე ცუდი იყო პირველი 25 წუთი, როდესაც ინიციატივას სტუმრები ფლობდნენ. შემდეგ თამაში გათანაბრდა. ფრე ის შედეგია, რომელიც ბოლო ტურში ყველას უტოვებს შანსს.  ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ. ჩეხეთის ნაკრები ძლიერი, ძალისმიერი გუნდია. ჩვენ ვნახეთ პრაღაში ჩატარებული პირველი მატჩის ჩანაწერი (ჩეხეთმა მოიგო 2:0) და გავაანალიზეთ. დღესაც მაშინდელივით  რომ გვეთამაშა, წავაგებდით’’.

ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელი ივან ჰაშეკი: „სამი ქულის მოპოვება გვინდოდა. ამისათვის ის შანსები უნდა გამოგვეყენებინა, პირველ ტაიმში რომ გვქონდა. ორჯერ ხარიხას გავარტყით ბურთი, მაგრამ ბიჭები შევაქე. მეტოქე ჩასაფრებული იყო, ჩვენს შეცდომას ელოდა. ბიჭების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისეთი შეცდომა, რომლითაც ისინი ისარგებლებდნენ, არ დაგვიშვია. შემდეგ შეხვედრაში, საქართელოს წინააღმდეს ტომაშ სოუჩეკი და ტომაშ ჩორი ძალიან დაგვაკლდება. მათ ყვითელი ბარათები მიიღეს’’.

ჩეხური მედია აღნიშნავს, რომ ალბანელმა გულშემატკივარმა მათი ქვეყნის ჰიმნს უსტვინა.