„ინტერისა’’ და „ნაპოლის’’ შეხვედრის შემდეგ (1:1), ნეაპოლელთა განრისხებულმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ პრეს-კონფერენციაზე მკაცრად ილაპარაკა. ის უკმაყოფილო იყო პენალტით, რომელიც მისი გუნდის კარში დანიშნეს ― ზამბო ანგისამ დენზელ დუმფრიზი წააქცია. დარტყმა ჰაქან ჩალჰანოღლუმ შეასრულა, ძელს გაარტყა ბურთი.
კონტეს მრისხანება არც იტალიელ მსაჯთა ხელმძღვანელ ჯანლუკა როკის ესიამოვნა და არც ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას. როგორც გაირკვა ორივეს თავისი მიზეზი ჰქონდა. კონტემ კერძოდ ასეთი რამ თქვა:
„რას ნიშნავს VAR-ს ჩარევის უფლება არ ჰქონდა? ეს დამოკიდებულება მაგიჟებს. VAR სამართლიანობის დამცველი ინსტრუმენტი უნდა იყოს. ის სიტუაციას უნდა აფასებდეს და თუ მსაჯს რამე გამოეპარა, შეცდომას უნდა ასწორებდეს. ამგვარი გამოყენების დროს კი ის ყველას ეჭვს უჩენს. თუკი არბიტრი ცდება, როგორც დღევანდელი პენალტის შემთხვევაში იყო, VAR ვალდებულია ჩაერიოს და მსაჯს შეცდომაზე მიუთითოს, ნაცვლად იმისა, რომ მისი გადაწყვეტილება დაადასტუროს. ეს ასე უნდა იყოს ყველას მიმართ, განა მარტო მაშინ, როდესაც მსაჯი ჩენს წინააღმდეგ უშვებს შეცდომას’’.
როგორც ნეაპოლის ყველაზე პოპულარული გაზეთი „ილ მატინო’’ წერს, მსაჯთა კომიტეტიდან „ნაპოლის’’ შემოუთვალეს, რომ პროტოკოლი, რომელსაც კონტე აკრიტიკებს მათი მოგონებული არ არის, „აძურის’’ მწვრთნელი კი ერთადერთი იყო ვინც იმ სემინარებზე არ დადიოდა რომლებზეც წესებს სწავლობდნენ.
რაც შეეხება ფეხბურთის ფედერაციას, მას კონტეს ნათქვამიდან არ მოეწონა ფრაზა „ის ყველას ეჭვს უჩენს’’, რომელიც იტალიური ფეხბურთის ჩრდილოვან მხარეზე მინიშნებას ჰგავდა. ამიტომ, დღეს-ხვალ „პარტენოპეელთა’’ თავკაცს სავარაუდოდ ოფიციალური გამოძახების ფურცელი მიუვა.