Romelu Lukaku of Napoli competes for the ball with Francesco Acerbi of Internazionale during the Serie A match between Inter and Napoli at Stadio...რამდენჯერ შეეხო რომელუ ლუკაკუ ბურთს „ინტერისა’’ და „ნაპოლის’’ შეხვედრაში? calcionapoli24-ის ინფორმაციით ოცდაერთჯერ. აქედან ათჯერ თანაგუნდელს პასი გადააწოდა, კარში კი ერთხელაც არ დაურტყამს.

შემდეგი კითხვა ასეთია: ამ 21 შეხებიდან რამდენი იყო საჯარიმო მოედანში? ერთი!

პორტალის თქმით ბელგიელ თავდამსხმელზე იმის თქმა, რომ კრიზისშია ან რაიმე გადაულახავი პრობლემის წინაშე დგას არ შეიძლება, მაგრამ მდგომარეობა რომ გაუარესდა, თვალნათელია. სტატისტიკა მეტყველებს, რომ „ნაპოლის’’ მაისურით ჩატარებულ პირველ ხუთ შეხვედრაში ის ბურთს საშუალოდ 21.6-ჯერ ეხებოდა, ბოლო ხუთში კი ეს მაჩვენებელი 19.2-მდე შემცირდა.

ბოლო ხუთ მატჩში ლუკაკუმ მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა, კარის მიმართულებით შვიდჯერ დაარტყა და მათგან კარის ჩარჩოში სამჯერ დაუმიზნა. პირველ ხუთ მატჩში კი ბელგიელმა სამი გოლი შეაგდო (ერთი პენალტით), კარისკენ ექვსჯერ დაარტყა და ორჯერ ჩარჩოში დაუმიზნა.

შემცირდა იმ მოქმედებათა რაოდენობა, რომელთაც კარში დარტყმა მოჰყვა: ბოლო 5 შეხვედრაში 5. პირველ 5 შეხვედრაში ასეთი მოქმედება 11 იყო.

ანტონიო კონტემ პრეს-კონფერენციაზე თქვა: „ლუკაკუს ზრდა მარტო მასზე არ არის დამოკიდებული. უნარების განვითარების საქმეში ინდივიდი გუნდზე მნიშვნელოვანი არასდროს არის. ყველაფრის საფუძველი გუნდია და წარმატება ბევრი კომპონენტის ერთობლიობისგან შედგება’’.

განვიხილოთ გუნდური მოქმედება. პირველ 5 შეხვედრაში ლუკაკუს თანაგუნდელებმა პასი 92-ჯერ მიაწოდეს, ბოლო 5 შეხვედრაში კი 69-ჯერ. ანუ პასების 25 პროცენტიან კლებასთან გვაქვს საქმე.  მაგრამ, calcionapoli24-ის აზრით ყველაზე საინტერესო სტატისტიკა ისაა, სადაც დათვლილია ლუკაკუსთვის ბურთის მიწოდება იმ კომბინაციის შემდეგ, რომლის დროსაც ბურთი სულ მცირე 6 პასით, 9 მეტრით გადაადგილდა წინ. აგრეთვე სადაც დათვლილია საჯარიმოში მიწოდებული პასები, გარდა ჩამშლელი ნახევარმცველის მიერ უკნიდან შესრულებული ჩაკიდებისა. მოკლედ, დათვლილია ის შემთხვევები, როდესაც გუნდმა კომბინაცია გაითამაშა და ბოლოს ლუკაკუს მისცა ბურთი. გაირკვა, რომ ასეთი პასების რაოდენობა პირველ 5 შეხვედრაში იყო 40, ხოლო ბოლო 5 შეხვედრაში 21. ცხადია, აქ თავისი როლი მოწინააღმდეგის კლასმაც ითამაშა ― ბოლო 5 შეხვედრაში ხომ „ნაპოლის’’ უფრო ძლიერი მოწინააღმდეგეები შეხვდნენ, ვიდრე პირველ 5 შეხვედრაში ― მაგრამ ის, რომ ბელგიელისთვის მიწოდებული პასების რაოდენობა შემცირდა, ფაქტია.

გამოდის, რომ კითხვები, რომლებით თითქოს ერთი კაცის მიმართ გვქონდა, მთელი გუნდისთვის ყოფილა დასასმელი. ეჭვი ლუკაკუს ფორმაში კი არა, თურმე გუნდის კომბინაციურ თამაშში უნდა შევიტანოთ. სტატისტიკურმა დათვლებმა დაამტკიცა, რომ „ნაპოლის’’ ფეხბურთელები ლუკაკუს პასებს არ ან ვერ აძლევენ. დიაგრამაზე, სადაც მოყვანილია ლუკაკუს მოქმედებათა ეპიცენტრი ჩანს, რომ თავდამსხმელი ბოლო ხუთ შეხვედრაში სულ უფრო და უფრო შორდება მოწინააღმდეგის კარს. გამოდის, რომ კონტეს თავდასხმაში ახალი ვარიანტები აქვს მოსაფიქრებელი.