სანაკრებო კვირის წინ სერია A-ში მე-12 ტურის მატჩები ჩატარდა, რომელთა შორის ყველაზე დიდი ინტერესი „სან სიროზე” „ინტერისა” და „ნაპოლის” შეხვედრამ გამოიწვია. მატჩი დასრულდა 1:1. ნეაპოლელთა ქართველი გარემარბი მეტწილად დაცვითი სამუშაოთი იქცევდა ყურადღებას, თუმცა „აძურის” გოლი მის მიერ ჩაწოდებულ კუთხურს მოჰყვა. იტალიურმა პრესამ კვარაცხელია ასე შეაფასა:

calciomercato — 6.0 ზარს პირველმა მან ჩამოჰკრა, როდესაც თამაშის დაწყებიდან 15 წუთში მარცხნიდან სივრცე მოძებნა, შუაში შევიდა და მარჯვენა ფეხით სცადა დარტყმა, მაგრამ კარგად არ გამოუვიდა. მის გამო დუმფრისი წინ ვერ მიდიოდა, რადგან როდესაც კვარაცხელია უტევს, ამას ხარისხიანად აკეთებს.

iamnaples — 6.0 დაცვაში დიდი სამუშაო შეასრულა, მაგრამ შეტევაში უკეთაც შეიძლებოდა. იმ ეპიზოდში, როდესაც „ინტერმა’’ (ჩალჰანოღლუს მიერ აცილებული) პენალტი მოიპოვა, ბურთი მან დაკარგა.

Tuttonapoli — 6.5 მეთხუთმეტე წუთზე პირველი მომენტი მან შექმნა. ბურთი ზომერმა დაიჭირა. თავგანწირვით თამაშობდა. მის წინააღმდეგ ხშირად ჯარიმდებოდნენ.

Ilnapolista ― 6.0 „ჩე კვარა’’ მარცხენა ფრთაზე დაცვაში თავგანწირვით თამაშობდა, თუმცა წინ გარღვევასაც არ ივიწყებდა. ის მოქმედებდა კარგად და ნაკლებად კარგად. „ნაპოლიმ’’ ანგარიში მისი ჩაწოდებული კუთხურის წყალობით გახსნა.

calcionapoli1926 — 6.0 პირველივე წუთებზე ნათელი გახდა, თუ რანაირად ითამაშებდა „ინტერი’’ მის წინააღმდეგ. ის ეხმარებოდა დაცვას, ხშირად ჩადიოდა უკან, ოლივერას დასაზღვევად, დარბოდა.მის წინააღმდეგ ჯარიმდებოდნენ. თავგანწირული თამაშის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო, თუმცა შეტევაში ისე ვერ ითამაშა, როგორც ისურვებდა და გავლენა არ მოუხდენია. იმის გამო, რაც ამ მატჩში გააკეთა, მატჩის ბოლოს კონტე აუცილებლად კომპლიმენტს ეტყოდა.

eurosport  — 5.5 აუტის ხაზთან მეტისმეტად ახლოს თამაშობდა. მე-15 წუთზე კარში დაარტყა, მაგრამ ზომერი მზად დახვდა. რაც დრო გადიოდა კალაპოტიდან ვარდებოდა. შესაძლოა იმიტომ, რომ მეტოქის კარისგან შორს მოქმედებდა.

napolipiu — 7.5 თავის გუნდში ყველაზე საშიში იყო. „ინტერის’’ დაცვაში პანიკას თესავდა.

calcionapoli24 — 5.5 მარჯვენა ფეხით დაარტყა, რათა ანგარიში გაეხსნა. ზომერის წინ აჩერბი გადაეღობა. ღია თამაშში სულ სახიფათო იყო, მაგრამ ჩანაფიქრს ყოველთვის ზუსტად ვერ ახორციელებდა. მის ზონაში ბევრი მოქმედებები მიმდინარეობდა. მეორე ტაიმის შუაში დიდებულად მიიღო ბურთი, მაგრამ სიცარიელეში ჩააწოდა. 75-ე წუთზე სუსტად ითამაშა, როდესაც ბურთს თავი ვერ მოარტყა, მაგრამ რამდენიმე წამში მოედანი დიაგონალზე გადაკვეთა და დი მარკოს ჩაწოდების საშუალება არ მისცა. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ დაცვაში თავგანწირვით თამაშობდა.

napolimagazine — 7.0 მარცხენა ფრთაზე საოცრად თავდადებული იყო. გუნდისთვის თამაშობდა.

Flashscore-მა კვარაცხელიას 7.2 დაუწერა, ხოლო whoscored-მა 6.8