საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ლიგა პრო დ2-ში რეგულარული სეზონის მესამედი მიილია და გასული ტურის 8 მატჩში მხოლოდ 16-მა ჩვენებურმა იასპარეზა. ზოგადად ეს რიცხვი მცირე სულაც არაა, თუმცა მიმდინარე სეზონში 20-ზე ნაკლები ქართველის თამაში პირველად დაფიქსირდა.

ამის მიზეზი ბორჯღალოსანთა მატჩი იყო, რომელიც საანგარიშო ტურიდან 2 დღეში უნდა გამართულიყო და ცხადია, საქართველოს ნაკრების შესაბამისი ნაწილიც ეროვნულ გუნდთან ერთად იქნებოდა.

მიუხედავად ამისა, ტურში ორი ქართული ლელო მაინც დაფიქსირდა, თანაც ორივე იმ ბურჯების ანგარიშზეა, რომელთაც ახლო წარსულში სანაკრებო დებიუტი ჰქონდათ.

„მონ-დე-მარსანმა“ „ბიარიცს“ უმასპინძლა და 33:15 დაამარცხა, შეხვედრის პირველი ლელო კი მე-7 წუთზე მასპინძელთა ბურჯმა ლუკა გოგინავამ მიითვალა, ვისთვისაც ეს იყო პირველი ლელო სეზონის 8 მატჩში, სულ კი ლუკას ანგარიშზე პრო დ2-ის 124 მატჩი და 9 ლელოა. „ბიარიცმა“ კი, მარცხის მიუხედავად, ცხრილის საპლეიოფო ზონაში ადგილი შეინარჩუნა.

აბა, როგორ იქნებოდა, მიმოხილვაში „ორიაკი“ არ გვეხსენებინა? გასულ ტურში „ყველაზე ქართულმა“ კლუბმა პროვანსში 20:39 წააგო, მასპინძლებს ბონუსიც ააღებინა და პირველ ადგილზე აღზევებაში ხელიც ვერ შეუშალა, თუმცა ნიორაძე-აბჟანდაძე-პაპუნაშვილის მოსაკლისება გამართლებად ნამდვილად გამოადგება. მიუხედავად ლიდერების არყოფნისა, ქართველმა ორიაკელებმა გასულ ტურშიც გამოიჩინეს თავი. კერძოდ, ვეტერანმა ბურჯმა გიორგი ქართველიშვილმა თავის უცხოურ კარიერაში პირველი ლელო გაიტანა. გიორგიმ ეს სეზონის მე-8 მატჩში მოახერხა, ჯამურად კი მას პრო დ2-ში 114 მატჩი დაუგროვდა. მისალოცი ამბავია!

„პროვანსის“ დარად, 31-31 ქულა „გრენობლს“ და „მონტობანსაც“ აქვთ. ორივემ მოიგო: პირველმა გიორგი პერტაიას დახმარებით „ოიონაქსი“ სტუმრად 38:23 დაამარცხა, ხოლო მეორემ შინ დებიუტანტ „ნიცას“ დიდი გაჭირვებით – 34:30 აჯობა, რაშიც თავისი წვლილი მირიან ბურდულმა და ლუკა აზარიაშვილმაც შეიტანეს.

ლიდერებისგან 2-ქულიანი ჩამორჩენით მეოთხე ადგილზე „ბრივი“ მოექცა, რომელმაც „კოლომიე“ გაანადგურა – 49:15. მასპინძლებს შორის ერთი ტაიმი კოტე მიქაუტაძემ ითამაშა.

და აუტსაიდერის შესახებაც: „ვალანს რომანმა“ კვლავ წააგო, მით უფრო, რომ მას ნაკრებში წასული ილია სპანდერაშვილი დააკლდა. სამაგიეროდ გამოჩნდა ოთია გიორგაძე, თუმცა ნევერში 17:27  წაგებისგან ლიგის ბოლოადგილოსანი ვერც მან იხსნა.