რიჩარდ კოკერილის ხელმძღვანელობით საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ნოემბრის ტესტებში პირველად ჩაება და როგორც ეს ყველა დონის ბორჯღალოსნებს და ზოგადად, ქართულ სარაგბო გუნდებს ახასიათებს, დასაწყისი რთული გამოგვივიდა.

საფრანგეთში, მონპელიეს „GGL სთედიუმზე“ ბორჯღალოსნებმა ახალი ზელანდიის XV-თან, ანუ მეორე ნაკრებთან 13:31 წააგეს.

თამაშის ხასიათიდან გამომდინარე, შედეგი სავსებით ლოგიკურია – ტოლ-სწორად თამაში ქართველებს ჯერჯერობით „ოლ ბლექსის“ უახლოეს რეზერვთანაც არ შეუძლიათ. ეს ზელანდიური გუნდი 2022-ში დაარსდა და მას შემდეგ ერთადერთხელ დამარცხებულა, ისიც „ბარბაროსებთან“ – ერთგვარი მსოფლიო ნაკრების ნაირსახეობა კლუბთან. წლევანდელ XV-ში მთავარი „ოლ ბლექსის“ არაერთი ყოფილი მოთამაშეა, ბევრი პერსპექტიული ახალგაზრდაცაა, მთავარი კი ისაა, რომ თითოეული მათგანი ქვეყნის მთავარი ნაკრების შემადგენლობაში დაბრუნების თუ პირველად მოხვედრის ამბიციით იწვის, ეს კი იმისთანა მოტივაციაა, რაგბში ჩახედულ ხალხს იოლად წარმოუდგენია…

ჰოდა, აი ასეთ მრისხანე მეტოქესთან პირველივე შეტევა ქართველებმა ლელოთი დააგვირგვინეს – ძალზე მრავალფაზიანი, დაცვისთვის მომქანცველი ჩეჩქვის შემდეგ ვანო კარკაძემ ჩვეულ სტილში რაქისას დაცვაში ნაპრალი შენიშნა და ელვისებური მოძრაობით ბურთი საჭირო ადგილას დაამიწა. ლუკა მატკავამ გარდასახა – 7:0.

სამხრეთელები თითქოს დაიბნენ, მათთვის უცნობი ქართველებისგან ასეთ თავხედობას რომ არ ელოდნენმ ეს სახეზე ეწერათ. თუმცა, როგორც ჭეშმარიტ ზელანდიელებს ეკადრებათ, მეტოქის პირველივე მცირეოდენი შეცდომა უნაკლოდ გამოიყენეს და ლელო საპირისპირო მიმართულებიდაც შედგა, რთული გარდასახვაც იდეალური გამოდგა – 7:7.

მერე კიდევ ერთი შეცდომა ბორჯღალოსნების მხრიდან და კიდევ ერთი ზელანდიური ლელო, რომელიც დამრტყმელმა ვერ გარდასახა – 7:12.

ტაიმის ბოლომდე ჩვენმა შერკინებამ ორჯერ დაარტყმევინა ლუკა მატკავას გასატანი ჯარიმა, ხოლო სამხრეთელებმა ახალი კაპიტნის, ვასილ ლობჟანიძის გასინბინებით მალევე ისარგებლა და ტაიმიც 13:19 დასრულდა.

მეორე ტაიმში კი ქულები მხოლოდ ახალზელანდიელებმა აგროვეს – ქართული დაცვა მეორედ გაარღვიეს უმძლავრესი მოლის მეშვეობით, ბოლოსკენ კიდევ ერთი ლელო მიითვალეს – ამ ჯერზე ფლანგური გარღვევით, ამ ორიდან ერთი ლელო გარდასახეს და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირეს – 31:13.

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ავსტრალიელმა რეფერიმ ორივე გუნდს ლელოები გაუუქმა, რაშიც ვიდეორეფერი დაეხმარა, თუმცა თამაში ამით არ გაუფუჭებია. მატჩი ნაკლებად სანახაობრივი გამოდგა, რაც მაინც იმის მანიშნებელია, რომ საქართველოს ნაკრებმა სარაგბო სანახაობების უმთავრეს მომწყობ ზელანდიელებს გალაღების საშუალება არ მისცა და ეს ამბავი ბორჯღალოსნებს აქტივში უნდა ჩავუთვალოთ.

ბორჯღალოსნებმა წააგეს, ყველა ქართველს კეპი და ქულა დაერიცხება, თუმცა ნაკრებს რეიტინგს ეს მარცხი ვერ შეუცვლის, რადგან სარეიტინგო ქულებზე გავლენას მხოლოდ ეროვნულ ნაკრებთა მატჩის შედეგი ახდენს. სწორედ ასეთი, სარეიტინგო მატჩი ელის საქართველოს ნაკრებს 17 ნოემბერს. გენუაში ჩვენი გაომცდელი იტალია იქნება, რომელმაც შაბათს უდინეში არგენტინელებისგან სასტიკი მარცხი იწვნია – 18:50…