კვირას, თბილისის დროით საღამოს 5 საათზე საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ახალი ზელანდიის XV-ს დაუპირისპირდება.
ეს იქნება ბორჯღალოსნების პირველი მატჩი 2024 წლის შემოდგომის ტესტ-მატჩებიდან. ახალი ზელანდიის XV არის „ოლ ბლექსის“ უახლოესი რეზერვი, ბორჯღალოსნებს მონპელიეში, GGL Stadium-ზე, რომელსაც „ალტრად სთედიუმის“ სახელით უკეთ ვიცნობთ, ახალი ზელანდიის ნაკრების როგორც ყოფილი, ისე მომავალი წევრები შეერკინებიან. განაცხადის ბარე მესამედს ისეთი მოთამაშეები შეადგენენ, რომელთაც ზურგს „ოლ ბლექსის“ მრავალი კეპი უმაგრებს. ამდენად, მეტოქე არათუ არასახუმაროა, არამედ ძალზე მრისხანეც კია. გავიხსენოთ თუნდაც არგენტინის XV, რომლის წევრთა მოტივაცია „პუმების“ მორაგბეებისას აღემატებოდა და ქვეყნის მთავარ გუნდში მოხვედრის სურვილმა იმ სამხრეთამერიკულ გუნდს ჩვენი ნაკრები დაამარცხებინა.
ახალზელანდიელთა ეს კრებული იმ არგენტინელებზე გარანტირებულად ძლიერია და ქართველებს ასევე გარანტირებულად მოუწევთ უდიდესი წნეხის ატანა, რომ აღარაფერი ვთქვათ მსოფლიოში უსწრაფესი სტილისთვის წინააღმდეგობის გაწევის უდიდეს სირთულეებზე.
თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამ არასარეიტინგო თამაშში ბორჯღალოსნებს შანსი არ აქვთ. პირიქით – განწყობა ამაღლებული და საქმიანია. ცალკეული მოთამაშეები თავთავიანთ კლუბებში ძალზე შედეგიანად თამაშობენ, იგივეს თქმა შავლომელთა ნაწილზეც თამამად შეიძლება – მათ ხომ ერთი ამოსუნთქვით და ბნუსებით მოიგეს „რაგბი ევროპის“ სუპერთასის ყველა მატჩი და ხსენებული ტურნირში ზედიზედ მეოთხე ტრიუმფი აბსოლუტურად დამსახურებულად იზეიმეს.
შემადგენლობა საბრძოლო და მრავალგზის გამოცდილი. ყველაზე ცოტა კეპი მარქაფაში მყოფ თენგიზ პერანიძეს აქვს – 3, თუმცა „შავი ლომის“ ძირითად 9 ნომერზე „გამოუცდელიაო, ვერაფრით იტყვი. ხოლო ნამდვილ გამოცდილებას რაც შეეხება, აქ სანდრო თოდუა უნდა ვახსენოთ – 36 წლის გარემარბი კვლავაც ფორმაშია, სასტარტო 15-ეულშია და 115-ე კეპის მოსახვეჭადაც სრულ მზადყოფნაშია. ამ მაჩვენებლით სანდრო ლეგენდარულ მეკო კვირიკაშვილს გაუთანაბრდება და წინ 122-კეპიანი დავით კაჭარავაღა დარჩება. თანაც, ნუ დაგვავიწყდება, რომ თოდუას თავისი ყველაზე დასამახსოვრებელი ლელოები სწორედაც რომ ბობოლებთან აქვს დადებული…
ჰო, და კიდევ, ღირსშესანიშნავი ამბავი ისიცაა, რომ ნაკრებს ახალი კაპიტანი გაუძღვება, ისტორიაში 35-ე – ვასილ ლობჟანიძე ამ წოდებამდე მეთოდურად, მიზანდასახულად ვითარდებოდა და მიიწევდა, აღიარებასთან ერთად ვასკას უდიდესი პასუხისმგებლობაც დააწვება, მას კი წნეხის გაძლება ნამდვილად არ ესწავლება.
მოკლედ, რიჩარდ კოკერილის რაზმი იმედიანადაა და შეიძლება ითქვას, კარგ ფიზიკურ ფორმაშიცაა. დანარჩენი GGL-ზე გამოჩნდება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ახალი ზელანდიის XV-თან შეხვედრაში:
- ნიკა აბულაძე (მონპელიე, 15 მატჩი, 0 ქულა), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე, 15, 20), 3. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი, 6, 5), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 10, 20), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი, 14, 10), 6. ილია სპანდერაშვილი (ვალანს რომანი, 8, 10), 7. გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი, 38, 30), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი, 35, 25), 9. ვასილ ლობჟანიძე (კაპიტანი, ოიონაქსი, 87, 78), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 22, 145), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი, 114, 95), 12. თორნიკე (შავი ლომი, 6, 0), 13. გიორგი კვესელაძე (გრენობლი, 60, 40), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 43, 195), 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 32, 68).
მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი, 8, 0), 17. გიორგი ახალაძე (კლერმონი, 7, 0), 18. ირაკლი აფციაური (ლიონი, 10, 0), 19. ლაშა ჯაიანი (ნევერი, 22, 0), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, 15, 10), 21. თენგიზ პერანიძე (შავი ლომი, 3, 5), 22. თედო აბჟანდაძე (ორიაკი, 54, 351), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 39, 20).