კვირას რომელუ ლუკაკუ „სან სიროზე’’ ბრუნდება. ის „ნაპოლის’’ თავდამსხმელის რანგში უნდა დაუპირისპირდეს „ინტერს’’, გუნდს, რომლის შემადგენლობაშიც სკუდეტო აქვს მოგებული. საგულისხმოა, რომ იმ „ინტერს’’ სწორედ ანტონიო კონტე ედგა სათავეში, „ნაპოლის’’ ამჟამინდელი მწვრთნელი.
ამჯერად ბელგიელ ფორვარდს ორი წლის წინანდელის მსგავსად „შავ-ლურჯი’’ მაყურებლის თბილი შეხვედრა არ ელის. ის მეტოქე იქნება. თუმცა დიდ რომს ასეთი გამოცდილება უკვე აქვს. ის „ინტერს’’ შარშანაც დაუპირისპირდა, როდესაც „რომაში’’ თამაშობდა და მილანელები ტრიბუნებიდან დიდი ენთუზიაზმით უსტვენდნენ.
ისე, ბელგიელს წინა ტურში ნეაპოლშიც უსტვინეს, როდესაც „ნაპოლიმ’’ „ატალანტასთან’’ 0:3 წააგო. მაშინ კონტემ ლუკაკუ შეცვალა და ტრიბუნებმა სწორედ ამ დროს ატეხეს ღრიანცელი. „აძურის’’ გულშემატკივარს მისი თამაში არ აკმაყოფილებს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, კონტე ზაფხულში ბელგიელის ყიდვას ისე ითხოვდა, რომ მარტო ეს დაჟინება გააჩენდა განსაკუთრებულ მოლოდინს, ხალხს ლუკაკუს გვარი საერთოდ გაგონილი რომ არ ჰქონოდა.
მიმდინარე სეზონში ლუკაკუმ ოთხი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე პასი გადააწოდა, რაც არ არის ცუდი შედეგი, მაგრამ… ნეაპოლელთათვის საკმარისიც არ არის. მისგან ამ სტატისტიკაზე არანაკლებ გუნდის გამოცოცხლებას და სწრაფ მანევრებს ელიან.
აქვე აღსანიშნავია, რომ ნეაპოლში ჯერ კიდევ ენატრებათ ვიქტორ ოსიმენი. „ნიგერიელის აჩრდილი” ლუკაკუს ხელს უშლის. არადა, ახალი ფორვარდის მისვლით „ნაპოლიმ’’ შეტევის სტილი შეცვალა. ძალიან დინამიკური, ვერცხლისწყალივით მოძრავი ცხრა ნომრის ადგილი მძიმე ბელგიელმა დაიკავა. ის ნიგერიელისგან განსხვავებით კარისკენ ხშირად ზურგით დგას და… გულერფელად რომ ვთქვათ, ჯერჯერობით უფრო იოლად გასაშიფრიცაა.
თუმცა ეს ყველაფერი თეორიაა. პრაქტიკულად კი კვირას „ინტერი’’ „ნაპოლის’’ ხვდება. დიდი რომი „სან სიროზე’’ ყოფილი გმირის სტატუსით ჩადის და ყველა ღონეს იხმარს კონტეს იმედები რომ გაამართლოს. ამჯერად „ნერაძურის’’ მეტოქის რანგში.