„სპორტინგმა’’ „მანჩესტერ სიტის’’ 4:1 მოუგო. შეხვედრის დაწყებამდე კი ლისაბონელი გულშემატკივარი თავისი გუნდის 39 წლის მწვრთნელს რუბენ ამორიმს უზარმაზარი ბანერით გამოემშვიდობა. ბანერზე ეწერა Obrigado ანუ გმადლობთ. ეს გახლდათ ამორიმის ბოლო შეხვედრა „სპორტინგის’’ მწვრთნელის რანგში. ორშაბათიდან ის მუშაობას „მანჩესტერ იუნაიტდში’’ განაგრძობს.
ინგლისური გაზეთი „სანი’’ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქომაგებმა ამორიმი სხვაგან გადასვლის გამო მოღალატედ კი არ შერაცხეს, არამედ გმირად გამოცხადეს და მადლობა გადაუხადეს.
ამორიმი „სპორტინგში’’ 2020 წელს გადავიდა, რასაც წინ „ბრაგაში’’ გატარებული ერთი წელიწადი უსწრებდა. მისი ხელმძღვანელობით „ლომებმა’’ ორჯერ პორტუგალიის ჩემპიონის ტიტული, ორჯერ თასი და ერთხელ სუპერთასი მოიგეს.
საინტერესო იყო ამორიმის პრეს-კონფერენცია „სიტისთან’’ შეხვედრის წინა დღეს, როდესაც „იუნაიტედის’’ მომავალ მწვრთნელს „სქაი სპორტის’’ ჟურნალისტმა ჰკითხა, ესმის თუ არა მას, „სიტის’’ დამარცხების შემთხვევაში როგორ გაახარებს მომავალი გუნდის გულშემატკივარს და დასძინა: „ინგლისურად მიპასუხეთ, თუ შეიძლება“.
ამორიმმა, რომელიც შესანიშნავად ფლობს ინგლისურს უპასუხა: „მაპატიეთ, მაგრამ ახლა ინგლისურად ვერ გიპასუხებთ’’
ჟურნალისტი პორტუგალიელ მწვრთნელს ჩააჟინდა, ორჯერ ჰკითხა, რატომ არ პასუხობდა პორტუგალიურად.
„მაპატიეთ, მაგრამ ამიერიდან ამ ხალხს ჩემი პორტუგალიური მოენატრება და ამიტომ დღეს კითხვებს პორტუგალიურად უნდა გავცე პასუხი’’, ― მიუგო ამორიმმა.
„კი მაგრამ, მათ მთელი 25 წუთი ისმინეს პორტუგალიური, ჩვენ კი ინგლისურად 10 წამს გთხოვთ’’, ― არ მოეშვა ინგლისელი რეპორტიორი.
აქ საუბარში პრეს-სპიკერი ჩაერია და თქვა, რომ პრესკონფერენცია პორტუგალიურად გაგრძელდებოდა, რაზეც „სქაი სპორტის’’ გაღიზიანებულმა ჟურნალისტმა თქვა: „ეს ინგლისელი გულშემატკივრებისთვის ცივი შხაპის ტოლფასი იქნება’’.
პასუხად ამორიმმა გაიღიმა, მეორე დღეს კი „მანჩესტერ სიტის’’ 4:1 მოუგო.