საფრანგეთში სარაგბო ჩემპიონატის მე-9 ტურმა ტოპ 14-ის ქართველთათვის წინა ტურივით ნაკლებად ნაყოფიერად ჩაიარა, პრო დ2-ში კი ჩვენებურები კვლავ წამყვან როლებში იყვნენ:
ტოპ 14
ლიდერად ქვეყნისა და ევროპის ჩემპიონი „ტულუზი“ დარჩა, რომელმაც „ბაიონთან“ გასვლაზე 8:12 კი წააგო, მაგრამ ბონუს-ქულის მიღებით ერთპიროვნული პირველადგილოსნობა შეინარჩუნა.
30-ქულიან ლიდერს 3 ქულით ჩამორჩება „ლა როშელი“, რომელმაც საკუთარ მოედანზე „სტად ფრანსე“ 35:18 დაამარცხა და ბონუსიც მიიღო. ოკეანისპირელთა სასტარტო შემადგენლობაში ალექსანდრე ქუნთელია იყო, რომელმაც საკმაოდ ბევრი – 62 წუთი ითამაშა. ეს მის კარგ ფუნქციურ მდგომარეობას ადასტურებს, რაც სასიხარულო ამბავია იმის გათვალისწინებით, რომ სანდრო ნაკრებში შემოდგომის ტესტებზეა გამოძახებული.
რიჩარდ კოკერილის მიერ ეროვნულ გუნდში გამოძახებულთაგან გასულ ტურში ნიკა აბულაძემ ითამაშა, ვისმა „მონპელიემაც“ კასტრში 26:30 წააგო და სანუგეშო ბონუსი მიიღო, გელა აფრასიძემ, რომელიც „პერპინიანს“ აუტსაიდერ „ვანთან“ ბონუსიან გამარჯვებაში (32:13) დაეხმარა და ლიონური ტრიო ბექა შვანგირაძის, დავით ნინიაშვილისა და ირაკლი აფციაურის შემადგენლობით, რომელმაც თავისი გუნდი ტულონში მარცხისგან (10:21) ვერ იხსნა. მათ გარდა ტურში მონაწილეობა ნაკრებს მიღმა მყოფებმაც მიიღეს – გურამ პაპიძემ და გიორგი თეთრაშვილმა, თუმცა ვერც მოქმედმა და ვერც ყოფილმა ბორჯღალოსნებმა ღირებული ვერაფერი შექმნეს.
პრო დ2
ამ ლიგაში კი კვლავ 20-ზე მეტმა ქართველმა ითამაშა და ორმა თავის გამოჩენა შეძლო.
„ორიაკმა“ „ოიონაქსს“ უმასპინძლა და უდრამატულეს ჯახში მე-8 გაწითლებულ წუთზე საჯარიმო ლელოს გატანის წყალობით 24:23 იმარჯვა. ზოგადად უნდა ითქვას, რომ ორიაკელთა შერკინება ამ სეზონში უმძლავრესად თამაშობს, ხოლო ხსენებული ლელოს დადებისას შერკინების პირველი ხაზი მთლიანად ქართველთაგან შედგებოდა: მარცხენე ბურჯი – ირაკლი მჭედლიძე, მარჯვენა – გიორგი ქართველიშვილი, კვაჭი – კლუკა ნიორაძე, რომელმაც, ამას გარდა, პირადადაც გაიტანა შესანიშნავი ლელო: 57-ე წუთზე მოლს დროულად მოწყდა და ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა ლელო. ეს მისი მე-4 ლელოა სეზონში გამართულ 8 მატჩში, სულ კი ბორჯღალოსანი კკვაჭის ანგარიშზე პრო დ2-ში გამართულ 92 მატჩში უკვე 14 ლელოა.
მანამდე კი, პირველ ტაიმში თავი თედო აბჟანდაძემ ისახელა, რომელმაც ცენტრიდან ოიონაქსელთა დაცვა ისე გაარღვია, წინ მოწინააღმდეგეც არ ჰყოლია, ეს კი მიშიკო ალანიას გენიალური პასის დამსახურებით მოხდა. თედომ პრო დ2-ში თავისი ოდენ მესამე ლელო იზეიმა, თუმცა, ბორჯღალოსანმა მგეზავმა თავისი ლელოც გარდასახა, ნიორაძისაც, ზედაც ერთი საჯარიმო გაიტანა და თამაში 12 ქულით დაასრულა. პრო დ2-ში მისი კარიერული სტატისტიკა 27 მატჩში უკვე 184 ქულას ითვლის.