„ატალანტა’’ ჯაკომო რასპადორის გადაბირებაზე კარგა ხანია ფიქრობს. ბერგამოელებს შეტევის გაძლიერება სურთ. „ნაპოლის’’ მოთამაშე ჯან პიერო გასპერინის ძალიან მოსწონს და იმედი აქვს, რომ ანტონიო კონტე მას შეელევა. ის ხომ რასპადორის ფაქტობრივად არ იყენებს. calciomercato წერს, რომ „ატალანტა’’ ზამთრის სატრანსფერო ბაზრობის დროს აპირებს „პარტენოპეელთათვის’’ ოფიციალური წინადადების გაგზავნას.
პორტალი იმასაც წერს, რომ „ატალანტა’’ ფეხბურთელისთვის კარგი ვარიანტია. გუნდს იანვარში სუპერთასის შეხვედრები ელის. გარდა ამისა ის მონაწილეობს იტალიის თასსა და ჩემპიონთა ლიგაში.
იანვარში ბერგამოელები ხშირად ფსიქოლოგიურ ჩავარდნას განიცდიან, რაც ახალი მოთამაშის გამოჩენამ შეიძლება თავიდან აარიდოთ. „ატალანტა’’ აგვისტოშიც ცდილობდა რასპადორის შეძენას, მაგრამ კლუბები თანხაზე ვერ შეთანხმდნენ.
Calciomercato-მ ყურადღება მიაქცია, რომ ბოლო შეხვედრებში იტალიელი თავდამსხმელი დაბალ შეფასებებს, 5.5-ს იღებს. საიტი ვარაუდობს, რომ ის კონტეს ხელში თამაშის ხარისხს სავარაუდოდ ვერც გააუმჯობესებს. მეტიც, ბოლო ტურში რასპადორიმ თვით გასპერინის გუნდის წინააღმდეგაც კი ვერ მოახდინა ეფექტი. „სასუოლოში’’ მას 10 გოლი გაჰქონდა, „ნაპოლიში’’ 4-5 გოლზე ჩამოვიდა, მიმდინარე სეზონში კი ჯერ ერთიც არ გაუტანია. 7 შეხვედრაში მისი მონაგარი სულ ერთი საგოლე პასია, მაგრამ უფრო სამწუხარო ის არის, რომ იტალიის ნაკრების ფეხბურთელი სერია A-ს შეხვედრებში მხოლოდ 240 წუთით შეუშვეს მოედანზე. არადა, რასპადორი სწორედ იმ ასაკშია, როდესაც მაქსიმუმის ჩვენება უნდა დაიწყოს ― თებერვალში 25 წელი შეუსრულდება.
ახლა რაც შეეხება ვაჭრობას. „ნაპოლის’’ სურს რასპადორი ზაფხულამდე მაინც შეინარჩუნოს და თუ იანვარში მაინც გაყიდის, შეეცდება ეს 30 მილიონზე ნაკლებად არ გააკეთოს. „ატალანტა’’ კი დისქაუნთს მოითხოვს, რადგან ფეხბურთელი დღეს ადრინდელზე გაცილებით ცუდად თამაშობს და 30 მილიონი არ ღირს. transfermarkt-ის შეფასებით რასპადორი 20 მილიონი ევრო ღირს.
Calciomercato წერს, რომ რასპადორის შეძენით „მილანიც’’ არის დაინტერესებული, მაგრამ გადადგამს თუ არა კონკრეტულ ნაბიჯს, რამდენიმე კვირის შემდეგ გამოჩნდება. „მილანს’’ მეორე თავდამსხმელი სჭირდება, რომელიც ალვარო მორატას მხარდამხარ შეძლებს თამაშს.