იტალიურმა პორტალმა areanapoli-მ „ნაპოლისა’’ და „ატალანტას’’ შეხვედრის შემდეგ ნეაპოლელთა მარცხის ტაქტიკური ანალიზი შემოგვთავაზა და დაწერა, რომ ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემებით ანუ რიცხვებით თუ ვიმსჯელებთ მეტოქეებმა თანაბრად ითამაშეს, მაგრამ ადამიანის თვალს სხვა შთაბეჭდილება დარჩა და ანგარიშიც 3:0 იყო სტუმრების სასარგებლოდ. პორტალმა გაიხსენა ნეაპოლელთა მწვრთნელის ანტონიო კონტეს მიერ მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე ნათქვამი, რომ მისმა გუნდმა კარგად ითამაშა და გამოთქვა ეჭვი, რომ მან ეს სავარაუდოდ იმ სტატისტიკაზე დაყრდნობით განაცხადა, რომელიც მისმა ანალიტიკოსებმა საფინალო სასტვენის შემდეგ მიაწოდეს, თუმცა რეალური სურათი სხვა იყო.

Areanapoli-ს ვრცელ წერილს აქ არ მოვიყვანთ, მაგრამ რამდენიმე დასკვნას გაგაცნობთ. პორტალი „ნაპოლის’’ წაგების უპირველეს მიზეზად შეტევის ერთფეროვნებას ასახელებს და მას ლუკაკუცენტრიზმს არქმევს. კერძოდ, ლაპარაკია იმაზე, რომ ნეაპოლელები დაჟინებით ცდილობდნენ შეტევები მაინცდამაინც ლუკაკუს მონაწილეობით განევითარებინათ და ჯიუტად მას ძლევდნენ პასებს, მაშინ, როდესაც გუნდს მისი შემადგენლობიდან გამომდინარე სხვა მრავალი ვარიანტი აქვს. ლუკაკუ კი მეტოქეებს ჩაკეტილი ჰყავდათ.

რასაკვირველია, პორტალის ანალიტიკოსებს არც ის გამორჩენიათ, რომ ჯან პიერო გასპერინიმ კონტეს მოულოდნელი ტაქტიკა დაუპირისპირა. კერძოდ, მან „ატალანტას” სასტარტო შემადგენლობაში არ ათამაშა სერია A-ს ბომბარდირთა ლიდერი (11 გოლი) მარიო რეტეგი. მის ნაცვლად მოედანზე ხორვატი ნახევარმცველი მარიო პაშალიჩი ვიხილეთ. პალიშიჩი თავდაცვის ფაზაში ბილი გილმორს კეტავდა და შოტლანდიელი ფაქტობრივად ჩამოაშორა თანაგუნდელებს, შარლ დე კეტელარე კი ალესანდრო ბონჯორნოს ზონიდან გარეთ იტყუებდა.

და კიდევ, პორტალმა გააკეთა დასკვნა, რაც ქართველი გულშმატკივრისთვის არის საინტერესო:

„კონტემ 71-ე წუთზე შეცვალა კვარაცხელია, რომელიც ასე ცუდადაც არ თამაშობდა. ბრაზილიელი კი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა მისთვის არაკომფორტულ პოზიციაზე…

…იქმნება სტერეოტიპი, რომ ნერეშს და კვარაცხელიას ერთად თამაში არ შეუძლიათ. ამის მიზეზი ნამდვილად ძნელი გასაგებია. განსაკუთრებით როდესაც ორი გოლით ხარ ჩამორჩენილი და ცეცხლის დანთება გჭირდება. რა აუცილებელია, მაგალითად მოედანზე რასპადორის შეყვანა, რომელიც ისევ უადგილოდ ჩანდა? განა არ შეიძლებოდა მეორე თავდამსხმელად ნგონგეს გამოყვანა, ნერეშის მარჯვნივ, კვარას მარცხნივ, ხოლო ლუკაკუს ნაცვლად სიმეონეს თამაში?“