გასულ უქმეებზე საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ორ მთავარ ლიგაში მე-7 ტური გაიმართა და ქართველმა ლეგიონერებმა თავის გამოჩენა მხოლოდ პრო დ2-ში მოახერხეს: ლუკა ნიორაძემ და ვასილ ლობჟანიძემ თითო ლელო გაიტანეს, ხოლო თედო აბჟანდაძემ ზუსტი დარტყმებით თავის გუნდს 8 ქულა შესძინა.
ტოპ 14
მე-7 ტურში ქართველებს თავი დიდად არ გამოუჩენიათ, ლიდერად კი ჩემპიონი „ტულუზი“ იქცა, რომელმაც „პოს“ სტუმრად 22:14 მოუგო. ტულუზელებმა 24 ქულა დააგროვეს.
„კლერმონმა“ დებიუტანტი და მაჩანჩალა „ვანი“ 55:33, ბონუსითურთ დაამარცხა და ცხრილის მე-4, საპლეიოფო საფეხურზე ავიდა. გიორგი ახალაძემ „ვულკანებს“ შორის ბოლო 27 წუთი ითამაშა.
19 ქულას თავი „კასტრმაც“ მოუყარა და მე-5 ადგილზე დაფუძნდა. ლევან ჩილაჩავამ ბოლო 25 წუთი გაატარა თამაშში, მისმა გუნდმა კი შინ წყალწაღებულ „სტად ფრანსეს“ 35:13 სძლია. პარიზელებს სხვადასხვა მიზეზთა გამო 3 ქართველი პირველხაზელიდან ვერცერთი ეხმარება და შედეგიც ახეზეა – გუნდი ცხრილის ფსკერზეა.
პრო დ2
„ორიაკს“ გასული ტურის მატჩი აშკარად ჩაუვარდა. მისმა მორაგბეებმა იმდენი შეცდომა დაუშვეს, რაც ალბათ წინა 6 მატჩში ერთად აღებული. შედეგი – შინ ახალბედა „ნიცასთან“ 16:25. არცაა გასაკვირი – უდისციპლინობას 3 სინბინი მოჰყვა და როცა 30 წუთი კაცნაკლული ხარ, ნებისმიერ მეტოქეს უჩნდება შენი დამარცხების შანსი. ჰოდა, მე-7 ტურის შემდეგ „ორიაკი“ ბოლოსწინა, მე-15 ადგილზე აღმოჩნდა…
ეს გუნდი ჩვენი ყურადღების ცენტრში იმიტომაა, რომ მასში არაერთი ბორჯღალოსანი თამაშობს და საერთოდაც, ეს ფრანგულ ელიტაში ყველაზე „ქართული“ კლუბია. გასულ ტურში ორიაკელთა შორის 6-მა ჩვენებურმა ითამაშა, რომელთაგან ორმა, მარცხის მიუხედავად, თავის გამოჩენა მაინც მოახერხა. ბრჯღალოსანმა კვაჭმა ლუკა ნიორაძემ თამაშში 52-ე წუთზე ჩართვიდან 14 წუთში მიშიკო ალანიას მიერ რაქიდან გამოტანილი ბურთი მიიღო და მხრებზე ჩამოკიდებული ორი მცველის წინააღმდეგობის მიუხედავად რივიერელთა დალელოება მაინც შეძლო. ეს იყო ლუკას მე-2 ლელო სეზონის მე-6 თამაშში, სულ კი მის ანგარიშზე პრო დ2-ის 84 შეხვედრაში 10 ლელოა! ცხადია, ეს ლელო აბჟანდაძემ გარდასახა, რომელმაც გარდა ამისა კიდევ 2 ჯარიმა გაიტანა, ანუ გამოდის, რომ „ორიაკის“ 16 ქულიდან 13 ქართველებმა მოინაგრეს. თედომ კი უკვე 73 ქულას მოუყარა თავი და ლიგის ტოპ-მექულეთა შორისაა.
დაბოლოს, ლობჟანიძის ლელოს შესახებაც. მისმა „ოიონაქსმა“ „დაქსთან“ სტუმრად 15:28 წააგო, ვასკა შეცვლაზე 53-ე წუთზე შევიდა და 70-ეზე ულლამაზესი ლელო მიითვალა – ბურთი რაქიდან მიიღო, ლელოსკენ დაიძრა და თავისი საფირმო დაქნევით მეურვე გააბითურა, ბურთის დამიწება კი უკვე უმარტივესი იყო. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მაგრამ ნაკრებში და ყოფილ კლუბ „ბრივში“ არცთუ უკანასკნელ მელელოვე ლობჟანიძეს ამ თამაშამდე პრო დ2-ში ლელო არ გაუტანია – საკლუბო დონეზე თავი აქამდე მხოლოდ ტოპ 14-ში გამოუჩენია. ამდენად, ეს მისთვის პირველი ლელოა ამ ლიგის 28-ე მატჩში.