„ნაპოლის’’ ახალწვეულმა, ცნობილმა ბელგიელმა თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ პოდკასტ Friends of Sports-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ბევრ სხვადასხვა საკითხზე ილაპარაკა და ხვიჩა კვარაცხელიაც ახსენა. თავიდან მან ინგლისში გატარებული პერიოდი გაიხსენა:
„ინგლისში ჩემზე ამბობდნენ, რომ ზარმაცი ვარ, გულმოდგინედ არ ვვარჯიშობ, ლიდერის თვისებები არ გამაჩნია, ეგოისტი ვარ, ბურთის შენარჩუნება არ მეხერხება და ბლა ბლა ბლა. შემდეგ ორი წელიწადი „ინტერში’’ გავატარე და მათ თქვეს: ოჰ, ის ძველებურად ათამაშდა, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. ინგლისში უნდოდათ, რომ მე საჯარიმოში მემოქმედა. როდესაც ისინი ჩემი აღნაგობის ფეხბურთელს ხედავენ, ფიქრობენ, რომ ახალ დროგბას მიაგნეს, მაგრამ მე დროგბასნაირი არ ვარ. დიდიე კარისკენ უფრო ზურგით თამაშობდა და სადაც გინდა ყოფილიყო, ბურთს ინარჩუნებდა. ეს ჩემი სტილი არ არის. მე ის თავდამსხმელი არ ვარ, ვინც ბურთს ინარჩუნებს. მე სივრცეს ვპოულობ და ვუტევ’’, ― თქვა ლუკაკუმ და დასძინა:
„მახსოვს, „ინტერში’’ რომ მივედი ანტონიო კონტემ გამიყვანა და სიტყვასიტყვით ასე მითხრა: მომისმინე, ჩემს სისტემაში შენ ბურთის დიდხანს დაჭერა არ დაგჭირდება. როდესაც შენ მას მიიღებ, დაუყოვნებლივ დაუბრუნებ პარტნიორს. ლაუტაროსავით თამაში არ დაგჭირდება. „ინტერში’’ ვიცოდი, რომ მე და ლაუტაროს ბურთი ერთმანეთისთვის უნდა მიგვეწოდებინა. ლაუტაროს თვისებები ჩემსას შესანიშნავად ერგებოდა.
კონტეს სისტემა ჩვენთვის ზედგამოჭრილი იყო. მე და ლაუტარო სულ ერთმანეთს ვაწვდიდით პასებს. ზუსტად ვიცოდი სად იქნებოდნენ ის და სანჩესი. ახლა, „ნაპოლიშიც’’ იგივე ხება კვარაცხელიასთან. კონტე სწორედ ამას აკეთებს: ფეხბურთელებს შორის ურთიერთგაგებას ქმნის. იგივე შემიძლია ვთქვა ჩემსა და მაკტომინეიზე’’.
და ისევ კონტეს შესახებ: „რასაც კონტე აკეთებს მშვენიერია. ის გუნდს კრავს. იგივე შეუძლია პეპ გვარდიოლას, კლოპს, მოურინიუს, ანჩელოტის… ისინი დიდი მწვრთნელები არიან. გამარჯვებულ გუნდებს რასაკვირველია კარგი ტაქტიკური გეგმა აქვთ, მაგრამ უფრო მთავარი ისაა, რომ მათი მწვრთნელები ერთსულოვან კოლექტივებს ქმნიან. მათი ფეხბურთელები ერთად კარგად მუშაობენ’’.