საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის გასული ტური ორივე ელიტურ ლიგაში ძალზე წარმატებული გამოდგა ქართველი ლეგიონერებისთვის – 6 ლელო და ზედაც თედო აბჟანდაძის ჯარიმა-გარდასახვები!
ტოპ 14
„ლა როშელმა“ „ბაიონთან“ გასვლითი მატჩი აშკარად ჩააგდო – 30-ქულიანი სხვაობით დამარცხდა და ბასკებს ბონუსიც დაუტოვა: 7:37. სტუმართა ერთადერთი ლელო საკუთარ ანგარიშზე ბორჯღალოსანმა სანდრო ქუნთელიამ ჩაიწერა – თამაშის მიწურულს, როცა მისი გუნდი „მშრალად“ მარცხდებოდა, ახალგაზრდა ბურჯმა რაქიდან აღებული ბურთი ჩათვლის მოედანზე გადადო. ეს იყო სანდროსთვის მე-2 ლელო ტოპ 14-ში გამართულ 27-ე მატჩში. „ლა როშელს“ 18 ქულა დარჩა, რაც მესამე ადგილზე დაქვეითებად დაუჯდა.
ამ ლიგაში კიდევ ერთი ქართული ლელო დაფიქსირდა და ისიც – ბასკეთში: „პოსა“ და „კასტრის“ შეხვედრა ხეირიანად გახურებულიც არ ყოფილა, როცა მასპინძელთა და საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ბექა გორგაძემ შემტევ რაქში იყოჩაღა და ბურთით ლელოში შევარდნა მოახერხა, სამწუხაროდ, ლელოს გატაინს შემდეგ ბექას თავზე ერთ-ერთი კასტრელი დაახტა და ქართველ მესამეხაზელს დაზიანება მიაყენა. ტრავმის ხასიათი და ხარისხი ჯერჯერობით არ გახმაურებულა, თუმცა „ბექსონამ“ თამაში ვერ გააგრძელა. „პომ“ 33:26 მოიგო და 15 ქულით ცხრილის მე-6 ადგილზე დამკვიდრდა. რაც შეეხება გორგაძეს, აღნიშნული ლელო მისთვის მე-13 იყო ტოპ 14-ში ჩატარებულ 78-ე მატჩში.
აღნიშვნას კიდევ ერთი რამ იმსახურებს – ბორჯღალოსანმა ბურჯმა ნიკა აბულაძემ ტრავმა მოიშუშა და ტოპ 14-ში სადებიუტო მატჩიც ჩაატარა. მისმა „მონპელიემ“ ლიგის დებიუტანტ „ვანს“ უმასპინძლა და 26:24 მოუგო, რამაც სტუმრებს სანუგეშო ბონუსი მისცა.
ლიდერად „ბორდო“ რჩება, რომელმაც „პერპინიანს“ არანორმალურად დიდი სხვაობით – 66:12 აჯობა და გელა აფრასიძეს კატალონიელთა სასტარტოში პირველი მატჩი ჩაუმწარა.ბორდოელებს 23 ქულა აქვთ.
პრო დ1
პრო დ2-ის მე-6 ტურში ქართველთა უპრეცედენტო სიმრავლე დაფიქსირდა – 8 მატჩში მონაწილეობა 27-მა (!) ჩვენებურმა მიიღო, რაც აბსოლუტური რეკორდი გახლავთ.
ამ 27-დან თავი განსაკუთრებით გიორგი ჯავახიამ გამოიჩინა. ბორჯღალოსანი მეორეხაზელი „ვალანს რომანთან“ საშინაო მატჩისას თავისი „გრენობლის“ შემადგენლობაში 52-ე წუთზე გამოჩნდა, „ალპელთა“ შეტევები საგრძნობლად გაამძლავრა, რასაც 70-ე და 75-ე წუთებზე წყვილი ლელოები გაიტანა -პირველი რაქიდან ბურთის ატაცებასა და იქ ყველას ფიზიკურად ჯობნას მოჰყვა, მეორე კი დერეფნის გათამაშებიდან ბურთის დაუფლებამ, ფინტებით მცველების მოტყუებამ და ლელოში ჯიქურ შევარდნამ მოიტანა. ამიერიდან ჯავახიას ანგარიშზე პრო დ2-ში გამართულ 114 მატჩში 17 ლელოა, რაც ფანტასტიკური მაჩვენებელია მეორეხაზელისთვის. „გრენობლმა“ კი 44:22 იმარჯვა და 17 ქულით მე-5 საფეხურზე აინაცვლა.
დებიუტანტმა „ნიცამ“ „მონ-დე-მარსანს“ 29:27 მოუგო და სტუმრებს ნუგეშ-ქულა გაატანა, რაშიც წვლილი ბორჯღალოსან მესამეხაზელ იოანე იაშაღაშვილსაც მიუძღვის – 37-ე წუთზე მან რაქში იყოჩაღა და პრო დ2-ში თავის 34-ე მატჩში მე-7 ლელო გაიტანა.
მირიან ბურდულის „მონტობანმა“ კი მორიგი გამარჯვება იზეიმა და 18 ქულით ცხრილის მე-2 საფეხურზე ავიდა. ამჯერად მონტობანელებმა „ორიაკს“ მოუგეს (31:20), რომლის რიგებშიც 7-მა ქართველმა ითამაშა. სტუმრებს შორის კვლავ გამოირჩა ბორჯღალოსანი მგეზავი თედო აბჟანდაძე, რომელმაც თავისი გუნდის ორივე ლელოც გარდასახა და 2 ჯარიმაც ზუსტად შეასრულა. ამ სეზონში თედოს უკვე 65 ქულა აქვს, რაც ლიგაში მეორე შედეგია. ორიაკელთა ორი ლელოდან კი ერთ-ერთი ბურჯმა ირაკლი მჭედლიძემ მიითვალა, ვისთვისაც ეს იყო სადებიუტო ლელო ლიგის მე-18 მატჩში.