ბოლო პერიოდში იტალიურ მედიაში, კერძოდ კი ნეაპოლურ საიტებზე ძალიან მოხშირდა ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტთან დაკავშირებული წერილები. იტალიელები იმეორებენ, რომ ქართველ გარემარბთან, უფრო კი მის გარემოცვასთან „ნაპოლი’’ საერთო ენას ვერ პოულობს. ამ საკითხზე სალაპარაკოდ იწვევენ ექსპერტებს, ფუნქციონერებს, ვეტერან ფეხბურთელებს. Radio Marte-სთვის მიცემულ ინტერვიუში სატრანსფერო საქმეთა ექსპერტმა ლუკა მარკეტიმ განგაშის შემცველი ტონით ილაპარაკა.
მარკეტიმ თქვა, რომ კვარახელიას გარემოცვა 2 მილიონი ევროთი მეტს ითხოვს, ვიდრე აურელიო დე ლაურენტისი სთავაზობს. ლაპარაკია 8 და 6 მილიონ ევროზე. ექსპერტის აზრით, თუ საქმეს სწორად და დიპლომატიურად არ მიუდგებიან, მხარეებს შორის დაძაბული ურთიერთობა შეიძლება კონფლიქტში გადაიზარდოს.
„საკითხი ჯერ არ დახურულა. ამბობენ, რომ შემდგომ თამაშებში კვარას სათადარიგოთა სკამზე დასვამენ. კონტე გუნდს ჩინებულად ხელმძღვანელობს. შორეულ მომავალში ნერეშმა შესაძლოა ქართველის ან პოლიტანოს პოზიცია ნამდვილად შეასუსტოს. ბრაზილიელი მართლაც გამორჩეულ თვისებებს ამჟღავნებს, მაგრამ ჩვენ მაინც მოთმინებით უნდა აღვიჭურვოთ, რათა კვარაცხელიასთვის ეს ნაკლებად ბრწყინვალე მომენტი გადავაგოროთ. ის რჩება ფეხბურთელად, რომელიც აღგვაფრთოვანებს და რომელსაც თავისი საოცარი სისწრაფით შეუძლია თამაშები მოიგოს. კონტრაქტის განახლებას კი ყოველთვის ახლავს სირთულეები, რომელთაც მშვიდად თუ არ მოვაგვარებთ, შეიძლება არეულობაში გადაიზარდოს’’, ― თქვა მარკეტიმ, რომელიც ყველას აფრთხილებს, რომ ერთმა არაადექვატურმა ნაბიჯმაც კი შეიძლება მთელს გუნდში არეულობა გამოიწვიოს.
ამასობაში napolipiu-ს აზრით კლუბის ხელმძღვანელობა კვარაცხელიას აგენტ მამუკა ჯუღელთან კონფრონტაციისთვის ემზადება. ამიტომ, პორტალი წერს, რომ საკითხის კარგად გააზრება ორივე მხარისთვის აუცილებელია.
ქართველი გულშემატკივრისთვის კი შეიძლება მოსასმენად ძალიან უსიამოვნო იყოს, მაგრამ იტალიურ პრესაში მოუხშირეს იმის წერასაც, რომ კვარაცხელია სულაც არ არის შეუცვლელი ფეხბურთელი.