Giorgi Mamardashvili of Valencia during La Liga match against Osasuna on September 24 2024გიორგი მამარდაშვილმა, რომელიც მომდევნო სეზონში ლივერპულში ჩამოვა, მკაცრად გააფრთხილა ალისონ ბეკერი, რომ ის „ენფილდზე’’ პირველ მეკარეობას აპირებს. საქართველოს ნაკრების გოლკიპერი „წითლებს’’ 2025 წელს უნდა შეუერთდეს. „ლივერპული’’ ბოლო სატრანსფერო ბაზრობაზე „ვალინსიასთან’’ შეთანხმდა, რომ ამ სეზონში მამარდაშვილი ესპანეთში დარჩება, ხოლო 2025/26 წლების ჩემპიონატში მერსისაიდში გადავა.

მეკარის ყიდვამ გააჩინა კითხვა, როგორ გაანაწილებს არნე სლოტი თავის პრიორიტეტებს მომავალი სეზონიდან. ალისონი ხომ მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ ითვლება. თუმცა, 32 წლის ბრაზილიელს ახალ-ახალი ტრავმები უშლის ხელს. ახლა მას წინ მკურნალობისა და უქმობის კიდევ ერთი ხანგრძლივი პერიოდი ელის.

ალისონის ტრავმამ ბევრს აფიქრებინა, რომ შესაძლოა „ლივერპულმა’’ მამარდაშვილი „ენფილდზე’’ უფრო ადრე ჩაიყვანოს. თუ ასე მოხდება „წითლებს’’ „ვალენსიასთვის’’ იანვარში კომპენსაციის გადახდა მოუწევთ, მაგრამ რაკი გუნდს თადარიგში კევინ კელერი და ვიტესლავ იაროში ჰყავს სავარაუდოდ მამარდაშვილს ახლა არ წამოიყვანენ.

სანაკრებო კვირაში მამარდაშვილი საქართველოს ნაკრების კარს იცავდა. მართალია 24 წლის გოლკიპერმა გუნდი უკრაინასა და ალბანეთთან მიჯრით ორი მარცხისგან ვერ იხსნა და პირველ შეხვედრაში მისმა თამაშმა კითხვის ნიშნებიც გააჩინა, მაგრამ მან ალისონს „ლივერპუპლში’’ გადასვლის წინ მკაფიო სიტყვიერი შეტყობინება გაუგზავნა.

– „ლივერპულის’’ პროექტმა მაშინ მომხიბლა, როდესაც ჩემთან ამ კლუბის წარმომადგენლები მოვიდნენ და ტრანსფერზე დამელაპარაკენ. ახლანდელი მეკარე რომც არ წავიდეს მე მაინც ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად ვიბრძოლებ, – თქვა მამარდაშვილმა.

ზაფხულში ალისონს საუდის არაბეთთან აკავშირებდნენ, მაგრამ მან ყოფილ თანაგუნდელებთან რობერტო ფირმინოსა და სადიო მანესთან შეერთება არ იჩქარა, გადაწყვიტა „ლივერპულთან’’ კონტრაქტი ბოლომდე მიეყვანა. ბრაზილიელის ხელშეკრულებას ვადა 2026 წელს ეწურება, თუმცა შეუძლია კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივოს.

Liverpool.com-ის დასკვნა: საინტერესოა, როგორც გადაწყვეტს ამ ამოცანას სლოტი მომდევნო სეზონში. როგორც ჩანს ბოლოს და ბოლოს კელერი აისრულებს სურვილს და კლუბიდან წავა, რის შედეგადაც ალისონი და მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაში ადგილისთვის იბრძოლებენ.

აშკარაა, რომ მამარდაშვილი სათადარიგო მეკარის როლს არ დასჯერდება, ხოლო თუ ალისონი „ლივერპულში’’ დარჩება და ტრავმებსაც აღარ მიიღებს, მაშინ ადგილისთვის ბრძოლა მოუწევს.

ამ ისტორიაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ტრავმებს. დრო, რომელიც ალისონმა ბოლო წელიწადს გუნდს მიღმა გაატარა რეალურ პრობლემად იქცა და თუ ასე გაგრძელდება „ლივერპულს’’ შესაძლოა რთული გადაწყვეტილების მიღება მოუხდეს.