სერია A-ს შეხვედრებზე მსაჯთა გამანაწილებელი ჯანლუკა როკი მისი ქვეშვრდომების შეცდომათა რაოდენობას აღუშფოთებია, napolipiu კი წერს, რომ ეს ხუმრობას ჰგავს, რადგან სინამდვილეში ფეხბურთელები და „ნაპოლის’’ გულშემატკივრები უნდა იყვნენ გაბრაზებულები. პორტალი ამბობს, რომ შვიდ ტურში მსაჯთა შეცდომები „ნაპოლის’’ ოთხ თამაშს გადაწვდა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ამ ოთხ თამაშში ნეაპოლელთა სასარგებლოდ ხუთი პენალტი არ დაინიშნა. ეს სტატისტიკა „აძურის’’ გულშემატკივრებს ეჭვს უჩენს, რომ მათ გუნდს შეგნებულად ავიწროებენ. მათი ვარაუდით მსაჯების მიერ მოპარული ქულები სეზონის ბოლოს სატურნირო ცხრილზე დიდ გავლენას იქონიებს.
Napolipiu-მ ჩამოწერა ის შეხვედრები, რომლებშიც მისი აზრით მსაჯებმა „ნაპოლის’’ სასარგებლოდ უეჭველი თერთმეტმეტრიანი არ დანიშნეს.
ვერონა – ნაპოლი 3:0
ანგარიში 0:0 იყო, როდესაც დუდამ სიმეონე ზერგზე დაქაჩა, მაგრამ მსაჯმა ამ დარღვევას ყურადღება არ მიაქცია. შემდეგ ტურში ზუსტად ასეთი დარღვევისთვის „ინტერს’’ „ლეჩეს’’ კარში პენალტი დაარტყმევინეს.
ნაპოლი – პარმა 2:1
ზამბო ანგისას მიერ 96-ე წუთზე გატანილმა გოლმა მსაჯის შეცდომის მიუხედავად ნეაპოლელებს მაინც მოუტანა სამი ქულა, მაგრამ ეს არაფერს ცვლის: ამ დღეს „ნაპოლის’’ სასარგებლოდ პენალტი უნდა დანიშნულიყო. უფრო სწორედ, პენალტი დაინიშნა. საჯარიმოში კვლავ სიმეონეს წინააღმდეგ დაარღვიეს თამაშის წესი, მაგრამ VAR-მა არბიტრი მონიტორთან იხმო და… Napolipiu-ს რწმენით სამართლიანად დანიშნული თერთმეტმეტრიანი გადაათქმევინა.
ნაპოლი – მონცა 2:0
ამ შეხვედრაში „ნაპოლის’’ სასარგებლოდ ორი პენალტი უნდა დანიშნულიყო. პირველ ტაიმში ბიანკომ დი ლორენცო წააქცია, ხოლო მეორეში პოლიტანოს წინააღმდეგ ისე იუხეშეს, რომ სალაპარაკო არაფერი უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, ეს ეპიზოდები ვერც მსაჯმა შეამჩნია და ვერც VAR-მა.
ნაპოლი – კომო 3:1
62-ე წუთზე მორენომ კვარაცხელიას ზურგში ორივე ხელი ჰკრა, მაგრამ მსაჯმა დარღვევას ყურადღება არ მიაქცია.