პორტალი spazionapoli ხვიჩა კვარაცხელიასა და „ნაპოლის’’ შორის მიმდინარე გაჭიანურებულ საკონტრაქტო მოლაპარაკებებს გამოეხმაურა და ოპტიმისტურად განაცხადა, რომ გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდა.
თავიდან პორტალი ქართველ შემტევს აქებს და წერს, რომ ის „აძურის’’ სიმბოლო გახდა. მას გამორჩეული ნიჭი და ყველა შეხვედრაში გადამწყვეტი როლის შესრულების უნარი აქვს. იტალიაში ფეხაკრეფით ჩასული ბიჭი მსოფლიო დონის ვარსკვლავი აღმოჩნდა და „პარტენოპეელთა’’ საკვანძო ფიგურად იქცა.
გარდა იმისა, რომ სერია A-ში გამოიჩინა თავი, კვარაცხელიამ სანაკრებო დონეზეც გაითქვა სახელი. შესაბამისად მას ბევრმა ევროპულმა გრანდმა მიაქცია ყურადღება. spazionapoli იმედოვნებს, რომ ქართველი ნეაპოლს არ აღიქვამს როგორც ტრამპლინს. მას ქალაქსა და ტიფოზებთან ძლიერი გრძნობა აკავშირებს. თავადაც ქარიზმატული ფიგურაა, ყურადღებას თამაშის თვალსასეირო სტილით იპყრობს და ეს ყველაფერი მისი „ნაპოლიში’’ დარჩენის წინაპირობას ქმნის.
პორტალის აზრით ოპტიმიზმის საფუძველს იტალიელი ჟურნალისტისა და ინტერნეტ პერსნის ნიკოლო სკირას მიერ „რადიო ნაპოლი ჩენტრალეს’’ ეთერში ნათქვამი იძლევა. მან განაცხადა:
„ვფიქრობ, კვარას საკითხი გადაწყვეტას უახლოვდება. „ნაპოლი’’ ცდილობს მას 5.5 მილიონი ევრო და ბონუსები შესთავაზოს, რათა ჯამში 7 მილიონი გამოვიდეს. ჩემი აზრით კიდევ ერთი ნაბიჯია გადასადგმელი. ვფიქრობ, თვის ბოლოს მხარეებს შორის მორიგი შეხვედრა შედგება. კვარას ხელფასის მომატება სჭირდება და ის ამას იმსახურებს, მაგრამ „ნაპოლისაც’’ უნდა გავუგით. კლუბს არ უნდა ზედმეტი მოუვიდეს, რადგან კარგად ახსოვს რა შედეგი მოიტანა ამან ოსიმენის შემთხვევაში’’.
Spazionapoli დარწმუნებულია, რომ კონტრაქტის განახლება ორივე მხარეს სურს. კლუბს კვარა სამომავლო პროექტის ცენტრალურ ნაწილად მიაჩნია.