„შავმა ლომმა“ ავჭალაში „რაგბი ევროპის“ სუპერთასის დასკვნით მატჩში პორტუგალიურ „ლუზიტანუშს“ უმასპინძლა და 6 უპასუხო ლელოთი გაისტუმრა – 36:0!
ამ გამარჯვებით „შავმა ლომმა“ ტიტული დაიცვა. პირველი ქართული პროფესიული ფრენჩაიზისთვის ეს ზედიზედ მეოთხედ მოპოვებული სუპერთასია, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ეს იყო ყველაზე იოლად მოგებული ტურნირი „შავი ლომის“ არსებობის ისტორიაში.
სუპერთასის მონაწილეთა შემადგენლობა თანდათან სუსტდება და მას უბრალოდ აზრი ეკარგება, ყოველ შემთხვევაში, ქართული მხარისთვის ეს ნამდვილად ასეა. შეხსენებისთვის, პირველ გათამაშებაში საკმაოდ ძლიერი რუსული კლუბები მონაწილეობდნენ, რომლიბიც მომდევნო წელს უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო საერთაშორისო არენიდან მეორე წელს მოიკვეთნენ. კონკურენტად ისრაელის, თუმცა სრულად აფრიკელებისა და კუნძულელებისგან შემდგარი „თელ ავივ ჰითი“ დაგვრჩა, თუმცა ისრაელიც სრულმასშტაბიან ომშია და ეს გუნდიც აღარ გვყავს სუპერთასზე. ესპანელებსა და პორტუგალიელებთან მოგება კი, ამ ფორმაციის „შავი ლომისთვის“ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს…
ჰოდა, რიჩარდ კოკერილის მიერ პირველად მომზადებულმა „შავმა ლომმა“ ესპანურ „იბერიანსსა“ და პორტუგალიურ „ლუზიტანუშს“ 2-2-ჯერ მოუგო, შინაც და გასვლაზეც, ოთხივე მატჩში ბონუსიც დაიმსახურა და შესაძლებელი მაქსიმუმი, 20 ქულა დააგროვა.
ავჭალაზე შაბათს გამართული მატჩის აღწერას რა აზრი აქვს, 6 ლელოდან ორის გამოყოფა კი ღირს. პირველ ტაიმში ინდივიდუალური ოსტატობით ლუკა მატკავამ გაიბრწყინა, მეორეში – თენგიზ პერანიძემ. ორივემ ერთპიროვნულად გაარღვია დაცვის ხაზი, მეურვეებს ცრუმოძრაობებით თავბრუ დაახვია და ბურთი ჩათვლის მოედანზე დაამიწა. დანარჩენი ქართველთა ფიზიკური უპირატესობის ნაყოფი იყო.
ნებისმიერი ტურნირის მოგება სასიამოვნო და საამაყოც კია, თუმცა, ჩვენთვის უმჯოპბესი უფრო ძლიერ კონკურენტებთან ჭიდილი იქნებოდა. ასე რომ, დეკემბრამდე, როცა „შავი ლომი“ ჩელენჯ თასის გაცილებით წარმომადგენლობით ტურნირში ჩაებმება…