ცნობილმა იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტმა ვიტორიო ძამბარდინომ რადიო „პუნტო ნუოვოს’’ ეთერში „ნაპოლისა’’ და ხვიჩა კვარაცხელიაზე ილაპარაკა.
„კვარა? მე მისი მდგომარეობა მაღელვებს, ― თქვა ძამბარდინომ, ― ის აშკარად გასაჭირშია. ვერ გეტყვით მიზეზი ტექნიკურია თუ მენტალური, მაგრამ პრობლემა მკაფიოა. ხვიჩა კარისკენ სულ ზურგით დგას და საკუთარ თავს ვერ პოულობს. გუნდში თითქოს ყველაფერი კარგად მიდის, ის კი საუკეთესო ფორმისგან შორს არის. შესაძლოა მის თამაშს დაღს ის ასვამს, რომ მის წინააღმდეგ უხეშობენ, მსაჯები კი არ იცავენ.
კონტრაქტის განახლების პრობლემა? ეს უეჭველად მოქმედებს. სხვანაირად ვერც იქნება. კონტემ კვარას თამაში შეცვალა, მაგრამ ბაზრის სირენები ისე ხმამაღლა ისმის, რომ მათი იგნორირება ძნელია. წინ ხომ კონტრაქტის მნიშვნელოვანი განახლებაა.
„ნაპოლისთან’’ მოლაპარაკებები გაიჭიმა და ფეხბურთელებზე მოქმედებს. კვარას კი დახმარება, მხარში დგომა სჭირდება. ამ ბიჭს უფრო მეტად უნდა დავეხმაროთ, ვიდრე ლუკაკუს. კონტეს ქართველი საუკეთესო ფორმაში სჭირდება’’.