საქართველოს ძიუდოს ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე ფედერაციის პრეზიდენტად ლევან ნოზაძე აირჩიეს.
ყრილობა ძიუდოს აკადემიაში ჩატარდა და 57 დელეგატიდან 45 დაესწრო. ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ათაბეგაშვილმა, რომელიც ფედერაციას ორი საარჩევნო ვადით ხელმძღვანელობდა და წესდების მიხედვით პრეზიდენტობის უფლება აღარ ჰქონდა, მოკლედ მიმოიხილა მის პრეზიდენტობის პერიოდში შესრულებული სამუშაო.
დელეგატებმა ფედერაციის საქმიანობა განვლილ პერიოდში დადებითად შეაფასეს, რის შემდეგ გაიმართა არჩევნები. ლევან ნოზაძე პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო და დელეგატებმა მის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირეს. ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დავით ქევხიშვილმა შეინარჩუნა; გიორგი ათაბეგაშვილი ვიცე-პრეზიდენტი გახდა; საპატიო ვიცე-პრეზიდენტი სლავა შერაზადიშვილი იქნება; ხოლო გენერალური მდივანი – ირინა გულიაშვილი.
ყრილობამ ასევე დაამტკიცა ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტი და სხვადასხვა კომისიები.