„იუვენტუსისა” და „ნაპოლის” შაბათის თამაში (0:0) მრავალმხრივ საინტერესო გამოდგა. ერთი მხრივ ტურინში მოპოვებულმა ქულამ ნეაპოლელთა ბანაკი და გუნდის მწვრთნელი ანტონიო კონტე გაახარა. მეორე მხრივ კი „პარტენოპეელებმა” შეტევაში ვერ გამოიჩინეს თავი. რომელუ ლუკაკუს და ხვიჩა კვარაცხელიას თამაში ჩაუვარდათ, რაც ბევრი მიმომხილველის აზრით იმის ბრალია, რომ კონტემ ტაქტიკა შეცვალა. იმისთვის, რომ სკოტ მაკტომინეი ეთამაშებინა, დაცვა ოთხ მცველზე გადააწყო და ლატერალები მოხსნა. გავლენიანი „ლა რეპუბლიკას” სარედაქციო წერილში ჟურნალისტმა ანტონიო კორბომ საკითხის თავისი ხედვა შემოგვთავაზა:
„თუკი 11 ქულა საკმარისია იმისთვის, რომ გუნდი ცხრილში პირველ ადგილზე იყოს, თუ საშუალო ქულა ერთ მატჩში 2.2-ს უდრის, თუ „იუვენტუსსა” და „ნაპოლის” შორის „ბრძოლა სკუდეტოსთვის” გოლის გარეშე მთავრდება, მაშინ ჩვენ უკვე შეგვიძლია ჰორიზონტზე ამ ჩემპიონატის მომავალიც დავინახოთ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მისი დიდი უპირატესობით მოგება არავის გამოუვა, ფეხბურთელების ფანტაზია და სიმძლავრე ჩაკეტილ დაცვით სისტემებს შეასკდება, ხოლო სანახაობას ტაქტიკა დაჩრდილავს. ამ ნაცრისფერი პერსპექტივის მიხედვით გაიმარჯვებს გუნდი, რომელიც შეტევას აამოქმედებს. შესაძლოა ასევე ფიქრობს ანტონიო კონტეც. როგორც ჩანს მას უნდოდა შეემოწმებინა რამდენად სწორ გზაზე დააყენა გუნდი და ტურინში მნიშვნელოვანი, თან რიგი მიზეზებით განპირობებული ნაბიჯი გადადგა.
კონტეს „ნაპოლის” დაცვაში კორექტივების შეტანის შემდეგ სკუდეტოსთვისაც შეუძლია იბრძოლოს. ოთხი მცველი უკანა ხაზს გაუვალობას შემატებს. დიდ როლს ითამაშებს ნახევარდაცვაც: განაპირა მცველის მაცოკის მოხსნამ და ევროპული კალიბრის შუა ნახევარმცველის მაკტომინეის დაყენებამ ნეაპოლელთა შუა რგოლს სოლიდურობა შესძინა. ანგისა სიმძლავრეს გამოიმუშავებს, ლობოტკა თამაშს გააკონტროლებს. კრეატიულ ვერტიკალს წარმოადგენენ ხელახლა აღმოჩენილი დი ლორენცო და პოლიტანო. ეს უკანასკნელი ცენტრში შეჭრით და მარცხენა ფეხით შესრულებული მომაკვდინებელი დარტყმებით ქმნის ხიფათს.
საბოლოო დასკვნა კი ასეთია: გუნდს სინქრონიზაცია აკლია. დანარჩენებმა სივრცე და სისწრაფე უნდა შეუთანხმონ ლუკაკუს და კვარას, რათა მათ გოლები გაიტანონ. „ნაპოლი” სკუდეტოს ნამდვილ კონკურენტად მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩამოყალიბდება, თუ ანტვერპენელ კეთილ გოლიათს და მელანქოლიკ კვარაცხელიას ხელ-ფეხი გაეხსნებათ”.