1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა იტალიელმა მარკო ტარდელიმ ფეხბურთის ისტორიაში ორი უდიდესი ფუიგურის პელესა და მარადონას ცხოვრებიდან სასეირო ეპიზოდი გაიხსენა. ეს ამბავი კიდევ ერთი გამორჩეული ვარსკვლავის მიშელ პლატინის გამოსათხოვარი მატჩის დღეს მოხდარა. როდესაც შეხვედრის მონაწილენი სტადიონზე წასასვლელად ავტობუსში ავიდნენ, გვერდით ლიმუზინი გაჩერდა რომელშიც დიეგო მარადონა იჯდა. არგენტინელი სარბიელზე წასვლას სხვებთან ერთად კი არა, ცალკე, მდიდრული ავტომობილით აპირებდა.
ტარდელი: „პელე მარადონას ვერ იტანდა და როდესაც ის ლიმუზინში დაინახა, ავტობუსი გააჩერებინა. მან თქვა: ან ისიც აქ ამოვა, ან მე აღარ წამოვალ”.
მდგომარეობა პლატინის განუმუხტავს — ხან ერთთან ულაპარაკია და ხან მეორესთან. კერძოდ რა მოხდა, ვინ რით წავიდა სტადიონზე, napolipiu-ს საიტზე გამოქვეყნებულ ამ მოკლე წერილში სამწუხაროდ არ წერია, მაგრამ ყველა სტადიონზე რომ მივიდა, ფაქტია.
რთული ურთიერთობის მიუხედავად, 2020 წელს, როდესაც მარადონა გარდაიცვალა, პელემ მას გულითადი გამოსათხოვარი სიტყვით მიაგო პატივი. ბრაზილიელმა დაწერა: „როდესაც ბურთს ფლობდი გენიოსი იყავი, მაგრამ ჩემთვის მარად მეგობრად დარჩები. ერთ დღეს, ზეცაში, ჩვენ ერთად ვითამაშებთ ფეხბურთს და ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც გოლის გატანის გარეშე საზეიმოდ აღვმართავ მუშტს”.
პელე 2022 წელს გარდაიცვალა.