იმის დანახვა, თუ როგორ დგას გიორგი ჩაკვეტაძე „ვიკარიჯ როუდის” წინ თამაშის დამთავრებიდან ერთი საათის შემდეგ, როგორ ლაპარაკობს გულშემატკივრებთან და როგორ იღებს ფოტოებს „ქოვენთრისთან” 1:1-ის შემდეგ დამატებითი ქულის აღებას ჰგავდა.

როდესაც შეხვედრის მეორე ტაიმში ქართველი პირდაპირ სათადარიგოთა სკამების წინ დაეცა და ვეღარ გაინძრა, მისი პერსპექტივა ნათელს არ ჰგავდა. თამაში „უოტფორდის” საჯარიმოში მიმდინარეობდა, მაგრამ როდესაც ეპიზოდი დასრულდა, ყველამ ჩაკვეტაძისკენ გადაიტანა ყურადღება. მოედანზე შევარდნენ ფიზიოთერაპევტები, ექიმები და ბოლოს სანიტრები. ის ფრთხილად დააწვინეს ზურგზე, გადაიყვანეს საკაცეზე და გვირაბში შეიყვანეს. თავად სახე ხელებით ჰქონდა დაფარული. სამოცი წუთის შემდეგ კი ის იღიმებოდა და მაღაზია The Hornet Shop-თან გულშემატკივრებს ელაპარაკებოდა, რითაც ხაზი გაუსვა მისი მთავარი მწვრთნელის ტომ კლევერლის მიერ თამაშის დამთავრებისთანავე ნათქვამ სიტყვებს:

„პირველი ნიშნები კარგია. წიწილების დათვლა ჯერ არ მინდა, მაგრამ საქმეს ცუდი პირი არ უჩანს. ვფიქრობთ, ზურგის სპაზმი იყო. ეს უცხო რამ არის, რაც ყოველ დღე არ გემრთება და ამიტომ ფეხბურთელი შეიძლება შეშინდეს. მას ზურგი დაუფიქსირეს და შედეგად კარგი პირველი ნიშნები მივიღეთ.

დარწმუნებული ვარ რაც მოხდა საქართველოს ნაკრებში ჩატარებული ორი შეხვედრის შემდეგ აქ ჩამოსვლისა და ინტენსიური კარიდან კარამდე მატჩის შედეგია.

მან დღეს ჩვენი გუნდის საკვანძო მომენტში მიიღო მონაწილეობა, საგოლე პასი შეასრულა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჰკითხოთ გიპასუხებთ, რომ რამდენიმე ეპიზოდში აკურატულობა აკლდა და მე ამაში დავეთანხმები. მას უკეთ შეუძლია თამაში. ის ყოველ შეხვედრაში ჩინებულ მომენტებს ქმნის, ამიტომ ახლა მისი და ჩემი, როგორც მისი მწვრთნელისთვის, ნამდვილი გამოწვევა ისაა, რომ მისი გვარი უფრო ხშირად მოხვდეს ტაბლოზე.

მეორე ტაიმის დიდი პოზიტიური შედეგი ის იყო, პირველი ნიშნების მიხედვით გიორგის ტრავმა საშიში არ არის”.

გარდა ამისა, მეორე ტაიმის ერთ-ერთი მთავარი პოზიტივი ისიც იყო, რომ „უოტფორდმა” პირველ ტაიმში ერთი გოლით ჩამორჩენასა და მეტოქესთან შედარებით სუსტ თამაშს კარგად უპასუხა.

ჩამორჩენას გასულ და არა მარტო გასულ სეზონში ხშირად ვხედავდით. ბევრი თამაში მარცხით მთავრდებოდა.

„ძალიან ნასიამოვნები ვარ, იმით თუ როგორ ვითამაშეთ მეორე ტაიმში, — თქვა კლევერლიმ, — პირველი ტაიმის შემდეგ მეშინოდა, რომ  საბოლოოდ ორი ან სამგოლიანი სხვაობით დავმარცხდებოდით. გაგვიმართლა პირველ ტაიმში მარტო ერთი რომ გავუშვით. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ეს იღბალი ხელიდან არ უნდა გაეშვათ. მეორე ტაიმში გაცილებით უკეთ ვითამაშეთ”.