დღევანდელი ნეაპოლური მედია ერთხმად განიხილავს „კორიერე დელო სპორტის” წერილს, რომლის ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს ხვიჩა კვარაცხელიას გარდასახვა გარემარბიდან ათ ნომრად.
„კვარევოლუცია ცოტა რევოლუციაა და ცოტაც ევოლუცია. მას მერე, რაც ნეაპოლში მისტერ ანტონიო კონტე ჩავიდა კვარას ჩათვლით ყველაფერი შეიცვალა. თუ ჯერ ბოლომდე არ შეცვლილა, დანამდვილებით იცვლება. კვარა ყვავის. პროცესი მიმდინარეობს. ყველაზე თვალსაჩინო კი აი, რა არის: ფეხბურთელი ფეხბურთელად და ჩვენ თვალს ვადევნებთ კაცის ჩამოყალიბებას. „ვერონაში” მეტოქესთან შეჯახების შემდეგ ფეხბურთელი თბილისში გაფრინდა, საიდანაც იტალიაში მამა დაბრუნდა. აშკარაა, რომ ვაჟის, დამიანეს დაბადებამ მისი ცხოვრება შეცვალა, მაგრამ თვალწინაა აგრეთვე (ხშირად ჭარბი) ინსტინქტებითა და ილეთებით სავსე გარემარბის გენეტიკური მუტაცია შემტევ ნახევარმცველად, რომელსაც შეუძლია მეტოქეს თავის საჯარიმომდეც კი გამოედევნოს. ამის ნიშნები ჯერ კიდევ კასტელ დი სანგროში გამართულ ამხანაგურ შეხვედრებში შეინიშნებოდა”.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელს ვილი სანიოლს ამ ტრანსფორმაციაზე ეცინება: „ხვიჩა „ნაპოლიში” ახალ როლს ასრულებს, უფრო შუაში თამაშობს, მაგრამ ის ნაკრებში ამას უკვე ორწელიწადნახევარია აკეთებს. კვარა ის ფეხბურთელია, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს, ასეთი მოთამაშე კი შუიდან უნდა მოქმედებდეს. ამიტომაც გადავიყვანე ის ფლანგიდან შუაში”.
ქართველ ვარსკვლავთან დაკავშირებით არის კიდევ ერთი თემა, რომელსაც დღევანდელი იტალიური პრესა დაუზრებლად ატრიალებს: პარტენოპეელებს გაახსენდათ, რომ ზაფხულის დასაწყისში „პარი სენ ჟერმენი” „ნაპოლის” კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენში 210 მილიონ ევროს სთავაზობდა, მაგრამ კონტეს ხვიჩას გაყიდვის გაგონებაც კი არ მოუნდა. დღეს პარიზელთა შეთავაზებას ნეაპოლელები 1993 წლის ცნობილი ამერიკული ფილმის ანალოგიით „უხამს წინადადებას” ეძახიან. არადა, პსჟ კვარას წელიწადში 11 მილიონ ევროს სთავაზობდა.
„კორიერე დელო სპორტმა” დაწერა, რომ „ნაპოლიში” ათი ნომერი წმინდაა, ის ისტორიას ეკუთვნის და მას ვერავინ შეეხება, მაგრამ არის კვარაცხელიაც და „მარადონას” ის უყვარს.
„რამდენიმე დღის წინ ერთა ლიგის მატჩში, რომელიც საქართველომ ჩეხეთს 4:1 მოუგო ჩვენ ვიხილეთ გოლი, საგოლე პასი და სხვა დახვეწილი მოქმედებანი. ეს ნაკრები ოდესღაც იყო კონკია, ახლა კი არის გუნდი, რომელმაც იტორიაში მისთვის პირველ ევროპის ჩემპიონატზე იმავე დონეზე ითამაშა, რომელზეც იტალიამ, ბელგიამ, სლოვაკეთმა და დანიამ. ის მერვედფინალში გავიდა. ამ გუნდს კი წინ მიუძღოდა კაცი 7 ნომრით, რომელსაც „ნაპოლიში” 77 ნომერი აცვია და დღეს, როდესაც გუნდში კონტე მივიდა, „დიეგოს” სახელობის სტადიონის კურთხევით ის 10 ნომრის ფუნქციას ასრულებს”.





