პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე სკეიტბორდის ერთ-ერთ დისციპლინაში ჩინელმა ჩჟენ ჰაოჰაომ იასპარეზა. უცნაური, ცხადია, არაფერია, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ გოგონა მხოლოდ 11 წლისაა.
ჰაოჰაო 2012 წლის 11 აგვისტოს, ლონდონის ოლიმპიადის დახურვის წინა დღეს დაიბადა. მართალია, ჩინელმა სპორტსმენმა 22 მონაწილეს შორის მე-18 შედეგი აჩვენა და ფინალში ვერ გავიდა, მაგრამ ლიცენზიის მოპოვებაც კი საინტერესო მოვლენაა.
ისე კი ჩჟენი ოლიმპიზმის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე სულაც არ არის – პირველ ოლიმპიადაზე, რომელიც ათენში 1896 წელს გაიმართა, ბერძენი ტანმოვარჯიშე დიმიტრიოს ლოუნდრასი 10 წლისა და 218 დღის იყო, როდესაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.