ტონი კროოსმა ბოდიში მოუხადა პედრის ევრო 2024-ის მეოთხედფინალში მიყენებული ტრავმის გამო. ამ ტრავმამ 21 წლის ესპანელი ნახევარმცველი შეჯიბრებას გამოთიშა. 34 წლის გერმანელმა ვარსკვლავმა მას სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა და უთხრა, რომ განზრახ არ დაუზიანებია.
„ბოდიშს ვიხდი და იმედი მაქვს, რომ პედრი მალე გამოჯანმრთელდება, — დაწერა ვეტერანმა გამოსათხოვარ წერილში, რომლითაც კარიერაში ბოლო თამაშის შემდეგ გულშემატკივარს და ზოგადად საზოგადოებას მიმართა, — ჩემი განზრახვა შენი დაშავება ნამდვილად არ ყოფილა. გისურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებასა და ყველაფერ საუკეთესოს. შენ დიდი ფეხბურთელი ხარ”.
სამწუხარო შეჯახება ესპანეთისა და გერმანიის შეხვედრის მეოთხე წუთზე, უფრო სწორად მატჩის დაწყებიდან 3 წუთისა და 30 წამის შემდეგ მოხდა. გერმანელმა ფეხბურთელმა ესპანელის წამოწყებული კონტრშეტევა მკვეთრი მოძრაობით შეაჩერა, რამაც ამ უკანასკნელის დაშავება გამოიწვია.